საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოთხი მედლისთვის იბრძვის - დღეს კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. ქართულ გუნდს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავს და წინასწარი ეტაპის შეხვედრების დასრულების შემდეგ, რობერტ დინგაშვილი (55 კგ) ფინალშია, გიორგი სულავა (66 კგ), მექი სიმონია (84 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (120 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.
დინგაშვილი საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ აბასგაჯი მაგომედოვს დაუპირისპირდება. სულავას მეტოქე შვეიცარიელი მარკ დიტშე იქნება. სიმონია უნგრელ ბენდეგუზ ტოტს შეხვდება, ხოლო ურთაშვილი – პოლონელ ტომაზ კოსციოლეკს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის დათმობილ პირველ დღეს – 25 ივლისს საპრიზო სამეულები ოთხ წონაში შეივსო და ოთხი ქართველიდან სამმა მედალი მოიპოვა. მათ შორის ყველაზე შედეგიანად გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) იჭიდავა – სლოვაკი გაბრიელ ტიზის (10:2), გერმანელი ილია მატუჰინისა (11:1) და აზერბაიჯანელი მაგომედრასულ გაზიმაგომედოვის (5:2) ძლევის შემდეგ ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ დაძაბულ ბრძოლაში ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე რუსი იური ვლასკოს ძლევა დააკლდა (2:3) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შმაგი თოდუამ (60 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (74 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.
თოდუამ ძირითად ბადეში ებრაელ ვლადისლავ გრიშკოს (2:0), მოლდოველ პეტრუ იოვუსა (5:0) და ბელარუს ძიანის მაქსიმაუს (8:5) აჯობა. ნახევარფინალში კი თურქ სელიმ კოზანთან ვეღარას გახდა (1:12) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც უკრაინელი იაროსლავ ხურსკი დაამარცხა (5:3).
ტარიელ გაფრინდაშვილმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი მერვედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვთან წაგებით (10:16). ბრინჯაოს გზაზე კი სამი მეტოქე ჩამოიშორა: ბერძენი პავლოს ცოპუზიდისი (10:0), პოლონელი კამილ რიბიცკი (9:5) და ლიტველი ანდრიუს მაზეიკა (12:1).
უმსუბუქეს წონით კატეგორიაში (50 კგ) მოჭიდავე გიორგი ხაჩიძეს პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა - აზერბაიჯანელ ალიაბას რზაზადესთან დამარცხდა (0:10) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში გამოსვლა ხაჩიძემ ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ გეორგი ოკოროკოვთან წაგებით (0:10). იქამდე კი გერმანელი ჰორსტ ლერი (8:8) და მოლდოველი მიჰაილ ლაპი (7:0) ჩამოიშორა.