საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელის საერთაშორისო ტურნირზე მე-2 მატჩი მასპინძელთა გუნდთან გამართა და 63:85 წააგო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა პირველი ტაიმი 6 ქულით დათმეს, მეორეში კი ისრაელს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დავით ლომიძე გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ 12 სამქულიანიდან მხოლოდ 3 გამოიყენა. 10-10 ქულა მიითვალეს სოსო გოგნაძემ და ვილი ისიანმა, ჩერქეზიშვილის გუნდი კი კვლავაც შეცდომებმა დააღალატა. ქართველ 20-წლამდელებს ამჯერად 25 (!) დაკარგვა მოუგროვდათ.
ქართველი კალათბურთელები ოთხთა ტურნირზე დასკვნით შეხვედრას, დღეს, 19:30 საათიდან ჰოლანდიასთან გამართავენ, რომელსაც ასევე 2 მარცხი აქვს. ჰოლანდიამ ისრაელთან 49:76 წააგო, ხოლო რუსეთთან – 45:57. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს ქართველები რუსეთთან 51:65 დამარცხდნენ.