პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში ვაჟ კალათბურთელთა "ბ" ნაკრები შეიქმნა, რომელიც იმ მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც სეზონი კარგად ჩაატარეს, მაგრამ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდნენ. "ბ" ნაკრებში თამაშით მათ კიდევ ეძლევათ შანსი, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილი მოიპოვონ.
ამ ნაკრებს გამოცდილი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც პარალელურად საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ "ბათუმის" მთავარ მწვრთნელად მუშაობს. უსტიაშვილს "მსოფლიო სპორტი" ესაუბრა.
- "ბ" ნაკრებით დავიწყოთ. ვინც გამოიძახეთ, ყველა გამოცხადდა?
- კი, ყველა გამოცხადდა.
- ცნობილია, რომ ნაკრები პირველ შეხვედრებს ჩინეთში ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქეები ჩინეთის "ბ", პოლონეთის "ბ" და რუმინეთის "ა" ნაკრები იქნებიან. მოკლედ გვიამბეთ ამ ასპარეზობის შესახებ.
- ჩინეთში ივლისის დასაწყისში გავემგზავრებით. აღნიშნულ გუნდებთან სამ ქალაქში ვითამაშებთ. მთლიანობაში 9 შეხვედრას ჩავატარებთ.
- ჩინეთში რამდენი კალათბურთელით მიემგზავრებით?
- შეკრებაზე 16 კალათბურთელი გამოვიძახეთ. ესენი არიან: რევაზ როგავა (,,ოლიმპი’’), გივი ბაქრაძე (,,სოხუმი’’), ირაკლი მიქელაძე (,,ბათუმი’’), მერაბ ბოქოლიშვილი (,,აკადემია’’), ბექა წივწივაძე ( ,,ვითა’’),ნოდარ გოგოძე (,,დინამო’’), კახა ჯინჭარაძე (,,მგზავრები-არმია’’), გიორგი ორმოცაძე ( ,,მგზავრები-არმია’’), კახა ტომარაძე (,,ოლიმპი’’), გრიგოლ შვანგირაძე (,,დინამო“), ირაკლი ჩლაიძე (,,ვითა’’), ბექა ბექაური (,,ქუთაისი - 2010’’), აკაკი დვალიშვილი (,,ბათუმი’’) , გეგი ბაქრაძე (,, ოლიმპი’’), რიჩარდ მათიაშვილი (,,ქუთაისი - 2010’’), გიორგი ჯგერენაია (,,სოხუმი’’). აქედან ჩინეთში 12-13 კალათბურთელს წავიყვანთ.
- საქართველოშიც თუ იგეგმება თქვენი ნაკრების მიერ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ჩატარება?
- სამომავლო გეგმების შესახებ ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.
- ახლა, "ბათუმზეც" ვთქვათ. კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით?
- რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "ბათუმი" ერთ-ერთი სინჯის მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთ გამოსვლაც შეიძლებოდა. თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ვლიდერობდით, მაგრამ ბოლო ტურში მომავალ ჩემპიონ "ქუთაისი 2010"-ს მივეცით წამოწევის შანსი, რომელსაც ჩვენთან უკეთესი შეფარდება ჰქონდათ და მეორე ადგილზე აღმოვჩნდით. რეგულარულში პირველ ადგილზე რომ გავსულიყავით, მინიმუმ ვერცხლის მედლებს მოვიპოვებდით.
- პლეი-ოფში თქვენი მეტოქე "დინამო" იყო. პირველ ადგილზე რომ გასულიყავით, "სოხუმს" შეხვდებოდით. ესე იგი, თქვენ თვლით, რომ "სოხუმის" წინააღმდეგობას დაძლევდით?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ "სოხუმთან" თამაში არ გვიჭირს , არც ნახევაფინალურ სერიაში გამარჯვება გაგვიჭირდებოდა.
- თქვენ "სოხუმთან" თასის ნახევარფინალში დამარცხდით და ასპარეზობას გამოეთიშეთ. ამას რით ახსნით?
- მაშინ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა და ჩვენი დამარცხებაც ამით შეიძლება აიხსნას.
- "ბათუმელთაგან" ვის გამოარჩევდით?
- ყველამ კარგად ითამაშა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომელიმე მათგანის გამორჩევისაგან თავს შევიკავებ.
- XXV ეროვნული ჩემპიონატი წინამორბედებისგან განსხვავებით გამორჩეული სისტემით ჩატარდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ორის ნაცვლად 4 წრე გაიმართა. თქვენი აზრით, ამ სისტემამ გაამართლა?
- ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, მგზავრობის დროს ყველაზე მეტი თანხა ჩვენ დაგვეხარჯა. ამის მიუხედავად, ახალი სისტემით კმაყოფილი ვარ, რადგან კალათბურთელებს შედარებით მეტი თამაშების ჩატარება მოუწიათ და მუდამ ფორმაში იყვნენ.
- ახალ 2016-2017 სეზონშიც "ბათუმში" იმუშავებთ?
- ჯერჯერობით, "ბ" ნაკრებით ვარ დაკავებული. რაც შეეხება "ბათუმში" დარჩენას, ამ თემაზე გუნდის ხელმძღვანელობასთან საუბარი ჯერ არ მქონია.