2016 წლის 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, სოფელ დიცში ფონდ არველაძესა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ფონდი არველაძის ფეისბუქ-გვერდი იტყობინება, ხელშეკრულება პროექტ საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში გაფორმდა, რომელის მიზანი ლტოლვილი ბავშვებისთვის პერსპექტიული გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მემორანდუმს ხელი ფონდი არველაძის დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელმა ჰაი შელოუმ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სოფელ დიცის სტადიონზე მინი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა პროექტ საფეხბურთო თერაპიაში მონაწილე გუნდებს შორის. დიცის, არცევის, ნიქოზისა და კარალეთის გუნდების მონაწილეობით გამართულ ტურნირში გამარჯვება ნიქოზის საფეხბურთო სკოლამ მოიპოვა. ნიქოზელებმა ფინალურ შეხვედრაში სოფელ არცევის გუნდი დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდისთვის თასის გადაცემამდე რევაზ და არჩილ არველაძეებმა ჰაი შელოუსთან ერთად ტურნირში მონაწილე ყველა გუნდი სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.
პროექტი საფეხბურთო თერაპიას ორგანიზებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი და საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია ორგანიზებას 2010/2012 წლებში უწევდნენ.
2016 წლიდან ფონდი არველაძის ინიციატივით პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ფონდის ინიციატივით გორისა და ცხინვალის საზღვრისპირა 15 სოფელში საფეხბურთო სკოლები დაფუძნდა, სადაც 300-მდე ბავშვს მთელი წლის განმავლობაში კვირაში სამი დღე ვარჯიშის საშუალება აქვს. ფონდმა 15 ადგილობრივი მწვრთნელის დაფინანსება, ბავშვებისთვის კი ეკიპირებისა და ვარჯიშისთის საჭირო ინვენტარის შეძენა უზრუნველყო.