მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის 2015-16 წლების სეზონის ევროლიგის გათამაშების უძვირფასესი მოთამაშე (MVP) ნანდო დე კოლო შეინარჩუნა. რუსულმა გრანდმა ფრანგ მცველთან კონტრაქტი 3 წლით გააგრძელა, ამდენად, ის ცსკა-ს ღირსებას 2019 წლამდე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ დე კოლო მოსკოვის კლუბში 2014 წელს ჩაირიცხა, გასულ სეზონში კი ცსკა-ს მაისურით ყველა ინდივიდუალური ჯილდოს მოგება მოახერხა: ალფონსო ფორდის სახელობის პრიზი (ევროლიგის საუკეთესო სნაიპერი), ევროლიგის სეზონის და “ოთხთა ფინალის” MVP და ვთბ-ლიგის უძვირფასესი მოთამაშე.
2 წლის განმავლობაში ნანდომ ცსკა-ს რიგებში 123 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი (24.5 წუთში) 16.2 ქულა (54.4% - ორქულიანები, 44.0% - სამქულიანები, 92.4% - საჯარიმოები), 3.4 მოხსნა, 4.0 პასი, 1.3 ჩაჭრა გახლდათ.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (19.2) მიხედვით, დე კოლო თანამედროვე ცსკა-ს საუკეთესო კალათბურთელად ითვლება.