სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:13 | 15.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: „მადლობა ერთგულებისთვის და თანადგომისთვის"
"ასეთი დამოკიდებულებით ქართული ფეხბურთის პროგრესი გაგრძელდება“

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ნუკრი რევიშვილმა ესპანეთთან ამხანაგური მატჩში (1:0) მიღებული ტრავმის შემდეგ მადრიდში მკურნალობა დაასრულდა და რეაბილიტაციის კურსს ამჟამად თბილისში გადის. ქართველი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს. ნუკრიმ თბილისში დაბრუნების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა, ის მადლობას უხდის ნაკრების სამედიცინო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს საელჩოს ესპანეთში, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს თანადგომისთვის.

ნუკრი რევიშვილი: "მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ერთგულად გულშემატკივრობს. ესპანეთთან გამარჯვებამ ჩვენ გუნდს უფრო მეტი სტიმული და მოტივაცია მისცა. მადლობა ერთგულებისთვის და თანადგომისთვის. ესპანეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობის კურსის გავლა მადრიდში მომიწია. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი გამამხნევებლი შეტყობინება მივიღე თქვენგან და თითოეულს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილს იმისათვის, რომ მადრიდის კლინიკაში მკურნალობის მთელი დროის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია. მუდმივ ყურადღებას ვგრძნობდი ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან. დიდი მადლობა პირადად ელჩს ზურაბ პოლოლიკაშვილს და თემო ბასილაიას. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და მთავარ მწვრთნელს,რომლებმაც ესპანეთთან გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და პირადად ლევან კობიაშვილს. მჯერა,რომ ამ შემადგენლობით და ასეთი დამოკიდებულებით ქართული ფეხბურთის პროგრესი გაგრძელდება და ყველა ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს. დიდი იმედი მაქვს,რომ წარმატებით დავიწყებთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს. ოპტიმიზმით გელოდებით ყველას წლის პირველ ოფიციალურ თამაშზე,რომელსაც ჩვენი გუნდი 5 სექტემბერს თბილისში ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს".

შეგახსენებთ, რევიშვილი ესპანეთთან მატჩის 55-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსთან შეჯახების დროს დაშავდა. ქართველმა კიპერმა ყვრიმალის ძვალი დაიზიანა და მედიკოსთა გადაწყვეტილებით, 8 ივნისს მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118943