აწ უკვე იტალიური “რომას” ექსნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. როგორც ტურინული გრანდის ვებგვერდი იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, მან 32 მილიონი ევრო შეადგინა.
პიანიჩი უკვე ტურინშია და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება. პიანიჩი “იუვეს” პირველი ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე.
ბოსნიელი ნახევარმცველი “რომაში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნეოდა. გასულ სეზონში მან იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.