სენიორ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის 5 ტურის თავზე, 65 წლამდელთა ტურნირის მონაწილე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2299) სომეხი ანუშავან არაკელიანი (2158) დაამარცხა, 4.0 ქულა მოაგროვა და ლიდერთა შორის გაერია.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის დარი მონაგარი კიდევ ექვს მონაწილეს აქვს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, გაფრინდაშვილს მე-4 ადგილი უკავია. მე-6 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ქალბატონი ნონას მეტოქე ბელარუსი ვიკტორ კუპრეიჩიკი (2361) იქნება, რომელიც 3.5 ქულით მეცხრეა.
ამავე კატეგორიაში 2.5 ქულით 24-ე პოზიციაზე იმყოფება თამარ ხმიადაშვილი (2081), რომელმაც მე-5 ტურში თეთრებით რუსი ვალენტინ აირაპეტიანი (1837) დაამარცხა.
ქართველი მოჭადრაკეები მედლებისთვის იბრძვიან 50-წლამდე მონაწილეთა ტურნირშიც, რომელსაც 4.5 ქულით რუსი ევგენი კალეგინი (2431) ლიდერობს. მას 0.5 ქულით 4 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მისდევს, რომელშიც 2 ქართველია. დამატებითი მაჩვენებლებით, გიორგი ბაღათუროვი (2393) მეორეა, ზურაბ სტურუა (2545) კი – მეოთხე.
სხვა ქართველი მოჭადრაკეების შედეგები ასეთია: 12. ციალა ქასოშვილი (2176) – 3.0; 24. გიორგი ქიტესაშვილი (1814) – 2.5; 25. ნინო მელაშვილი (2140) – 2.5; 39. თამარ ჭანტურია (1626) – 1.0;