ფეხბურთი

15:46 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად პიერ მორო”

Worldsport.ge განაგრძობს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების წარდგენას. ამჯერად ლილის “პიერ მოროს” შესახებ ვისაუბრებთ.

ლილი – ფეხბურთი ქალაქში

“ლოსკ ლილ” (ლილ ოლიმპიკ სპორტინგ კლუბი) 1944 წის 23 სექტემბერს დაარსდა. იგი ორი გუნდის, ოლიმპიკ ლილისა და სპორტინგ კლუბ ფივუს გაერთიანების შედეგად აღმოცენდა. დასაწყისი ჩინებული იყო და გუნდმა 5 ტიტულის მოგება შეძლო, მაგრამ 1964-1965 წლების სეზონში კლუბი ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა. გარდაუვალი იყო ქვედა ლიგაში გავარდნა და ორი წლის მერე ასეც მოხდა. “ლილი” უმაღლეს დივიზიონს 1970 წელს დაუბრუნდა.

90-იანი წლების მიწურულს გუნდის მთავარ მწვრთნელად ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩი ინიშნება და არ გასულა დიდი ხანი, რომ მან მეტსახელი მიიღო – “გადამრჩენი”. “ლილის” პრეზიდენტი ბერნარ ლეკომპი და 16 ათასი ქომაგი კი, 2000 წელს ლიგა 2-დან აღზევებას ძველ სტადიონზე ზეიმობდნენ.

ამის მერე გუნდს კლოდ პუელი იბარებს და “ლილის” ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. 2002-2003 წლების სეზონში ახალი პრეზიდენტი ჰყავს კლუბს მიშელ სეიდუს სახით. მოკრძალებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ახერხებს გასვლას. 2010-2011 წლებში კი, “ლილმა” საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა რუდი გარსიას ხელმძღვანელობით. ამასთან, საფრანგეთის თასიც მოიგო და ისტორიული დუბლი შეასრულა. ამასობაში, აშენდა ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი, სადაც “ლილს” დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. მას “პიერ მორო” 2013 წელს ეწოდა.

ცნობილი ფეხბურთელები ქალაქიდან

ჟან ბარატე – 32 თამაში საფრანგეთის ნაკრებში, მათ შორის 12 კაპიტნის სტატუსით. “ლილის” ფეხბურთელთაგან იგი მატჩების რაოდენობით ნაკრებში რეკორდსმენია.

ჟან ვინსენი – 1954 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა “მამლების” რიგებში, მერე “ნანტის” შემადგენლობაში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 1982 წლის მუნდიალზე კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

მატიე დებუში – მატიე დებუში საფრანგეთის ნაკრების მცველია. იგი 2014 წლის მუნდიალზეც თამაშობდა. “ლილში” 10 წელი გაატარა მანამ, სანამ ინგლისში გააგრძელებდა კარიერას.

იოან კაბაიე – კაბაიე დამდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს. იგი “ლილის” სკოლის აღზრდილია. კაბაიეს უთამაშია “ნიუკასლსა” და “პარი სენ ჟერმენში”.

ედენ აზარი – ბელგიელიც “ლილის” აკადემიის აღზრდილია. აზარი დღეს ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

იცით თუ არა, რომ? – “ლილს” სარეკორდო მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. საქმე ეხება “სტად დე ფრანსზე” ლიონის “ოლიმპიკთან” თამაშს, რომელსაც 78 056 მაყურებელი დაესწრო და ეს საფრანგეთისთვის რეკორდია.

ევროპის ჩემპიონატის სხვა მასპინძელი ქალაქებიდან მანძილი

ლანსი – 40 კმ

სენ დენი – 215 კმ

პარიზი – 225 კმ

ლიონი – 690 კმ

ბორდო – 805 კმ

ტულუზა – 895 კმ

მარსელი – 1000 კმ

ნიცა 1170 კმ

დაშორება “სტად პიერ მოროდან” - ქალაქის ცენტრს შორის: 7 კმ, აეროპორტამდე 9 კმ

სტადიონი – “სტად პიერ მორო”

ტევადობა: 50 000

გუნდი: “ლილი”

გახსნა: 2012 წელი

სტადიონი ქალაქის ცენტრთან ძალზე ახლოსაა. “სტად პიერ მოროდან” ცენტრი სულ რაღაც 6 კილომეტრშია.

“ნანსის” ფეხბურთელმა ჯამელ ბაკარმა აღნიშნულ არენაზე 2012 წლის 17 მაისს პირველი გოლი გაიტანა. სოლომონ კალუმ კი “ლილს” იმ მატჩში ქულა გადაურჩინა. სხვათა შორის, “ლილმა” “პიერ მოროზე” ჩატარებული პირველი ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.

სტადიონმა პირველ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას 2012 წლის 17 ნოემბერს უმასპინძლა – რაგბის მატჩს საფრანგეთსა და არგენტინას შორის (39-22).

“პიერ მოროს” სტადიონი საჭიროების შემთხვევაში იხურება.

“პიერ მორო” ევროპის ჩემპიონატზე ექვს თამაშს უმასპინძლებს

ჯგუფური ეტაპი

12 ივნისი, 23:00 საათი. გერმანია – უკრაინა

15 ივნისი, 17:00 საათი. რუსეთი – სლოვაკეთი

19 ივნისი, 23:00 საათი. შვეიცარია – საფრანგეთი

22 ინვისი, 23:00 საათი. იტალია – ირლანდია

მერვედფინალი

26 ივნისი, 20:00 საათი

მეოთხედფინალი

1 ივლისი, 23:00 საათი

თეგებიევრო 2016
0.126121