გრანდ სლემის ტურნირების ხუთგზის ჩემპიონი მარია შარაპოვა პრეპარატს მელდონიუმის მიღების გამო, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
სასჯელის ვადის ათვლა 2016 წლის 26 იანვრიდან ანუ იმ დღიდან დაიწყო, როდესაც რუს ჩოგბურთელს პირველი დოპინგ-სინჯი აუღეს. ამდენად, მარიას კორტზე დაბრუნება 2018 წლის 25 იანვარს შეეძლება, როდესაც ის თითქმის 31 წლის იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, შარაპოვას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ელოდა და მართალია, რუსი სპორტსმენი მაქსიმალურ სასჯელს გადაურჩა, ის საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციის გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებს.
უკვე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შარაპოვას ეკატერინა მაკაროვა ჩაანაცვლებს, რომელიც წყვილთა გარდა, ერთეულთა შეჯიბრშიც ითამაშებს.