ფეხბურთი

18:37 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “პარკ დე პრენსი”

Worldsport.ge განაგრძობს მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ მასპინძელი სტადიონების პრეზენტაციას. ამჯერად, ახლოს გავიცნოთ დედაქალაქ პარიზის ლამაზი სტადიონი “პარკ დე პრენსი”.

პარიზი - ფეხბურთი ქალაქში

20 ათასმა ადამიანმა ხელმოწერა შეაგროვა, რის შემდგომაც 1970 წლის 12 აგვისტოს პარიზში დაარსდა გუნდი – “პარი სენ ჟერმენი”. სახელწოდება ორი სხვადასხვა კლუბის, “პარიზისა” და “სტად სენ ჟერმენისგან” მომდინარეობს. პსჟ დღესდღეობით ქალაქის უძლიერესი გუნდია.

1974 წელს ახალბედა გუნდი თავს იმკვიდრებს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში (აქ 40 სეზონი აქვს გატარებული, რაც რეკორდია). თუმცა, პირველი ტიტული მალევე არ მოსულა. “პარი სენ ჟერმენმა” პირველი ჯილდი 1982 წელს მოიგო (საფრანგეთის თასი). იგივე ჯილდო 1983 წელსაც მოიპოვა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონი პირველად 1986 წელს გახდა.

პსჟ-ს 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში საუკეთესო პერიოდი დაუდგა. გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იური ჯორკაეფი, ჟორჟ ვეა, დავიდ ჟინოლა, რაი და სხვები იყვნენ. 1996 წელს გუნდი თასების მფლობელთა თასს იგებს და “მარსელთან” ერთად მეორე ფრანგული გუნდი ხდება, რომელმაც ევროტურნირის მოგება მოახერხა.

ამის შემდგომ “პარი სენ ჟერმენი” კრიზისმა მოიცვა მანამ, სანამ 2011 წელს, კლუბში ყატარული ინვესტიცია არ ჩაიდო. შედეგად მივიღეთ ის პსჟ, როგორიც დღესაა. გუნდში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები არიან თავმოყრილნი. საფრანგეთის ჩემპიონობა კი ზედიზედ რამდენჯერმე მოიპოვა. მათ შორის აწ დასრულებულ სეზონში ეს ძალზე მარტივად მოახერხა.

ცნობილი ფეხბურთელები პარიზიდან

მიშელ სიანი (1984-): ფრანგი მცველი, თამაშობდა, “ლორიენში”, “ბორდოში” და რომის “ლაციოში”.

ლასანა დიარა (1985-): ლასანა დიარა დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ტრავმის გამო ვერ მოხვდა. მადრიდის “რეალის” რიგებში ესპანეთის ჩემპიონია. ამჟამად მარსელის “ოლიმპიკის” რიგებში თამაშობს.

ლუის საა (1978-): “მეცის” სკოლის აღზრდილი ფორვარდი, რომელიც “მანჩესტერში” თამაშობდა. იყო საფრანგეთის ნაკრების წევრიც.

სებასტიან ბასონგი (1986-): კამერუნელი ცენტრალური მცველი, რომელიც “მეცის” სკოლის აღზრდილია. კარგა ხანი “ტოტენჰემის” რიგებში იყო, ხოლო ამჟამად “ნორვიჩის” ღირსებას იცავს.

მამადუ სახო (1990-): ინგლისური “ლივერპულის” მცველი, რომელიც ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრებოდა, მაგრამ დოპინგ სკანდალში გაეხვა და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. იგი პსჟ-ში 12 წლის ასაკში მივიდა და 2013 წლამდე იცავდა პარიზული გუნდის ღირსებას.

იცით თუ არა, რომ? – ლეგენდარულმა ბულგარელმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა 1992 წლის ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ აზრი შეიცვალა და გუნდი ისე დატოვა, ერთხელაც არ უთამაშია მის შემადგენლობაში.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ სხვა ქალაქებამდე მანძილი

სენ დენი – 15 კმ

ლანსი – 220 კმ

ლილი – 225 კმ

ლიონი - 465 კმ

სენტ ეტიენი – 525 კმ

ბორდო – 590 კმ

ტულუზა – 780 კმ

ნიცა – 945 კმ

დაშორება “პარკ დე პრენსიდან” – ქალაქის ცენტრამდე 8 კმ, აეროპორტ “ორლიმდე” 18 კმ, აეროპორტ შარლ დე გოლამდე 35 კმ.

სტადიონი - “პარკ დე პრენსი”

ტევადობა: 45 000

გუნდი: “პარი სენ ჟერმენი”

გახსნა: 1972 წლის მაისი

1972 წელს სტადიონი მესამედ და საბოლოოდ გაიხსნა. მანამდე იგივე 1897 და 1932 წლებში მოხდა. “პარკ დე პრენსმა” აქამდე უმასპინძლა ევროპული ტურნირების ექვს ფინალურ მატჩს, მათ შორის, ჩემპიონთა თასის პირველ გადამწყვეტ შეხვედრას 1956 წელს, მადრიდის “რეალსა” ფრანგულ “რეიმსს” (4:3) შორის.

ევროპის ჩემპიონატისთვის სტადიონს მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუშაოების პირველი ნაწილი 2014 წელს დასრულდა, ხოლო მეორე 2015 წელს. რის შემდგომაც არენის ტევადობა საბოლოოდ 45 000 გახდა.

ევროპის ჩემპიონატზე 5 თამაშს უმასპინძლებს

ჯგუფური ეტაპი

12 ივნისი, 17:00. თურქეთი – ხორვატია

15 ივნისი, 20:00. რუმინეთი – შვეიცარია

18 ივნისი, 23:00. პორტუგალია – ავსტრია

21 ივნისი, 20:00 საათი. ჩრდილოეთ ირლანდია – გერმანია

მერვედფინალი – 25 ივნისი, 20:00. 3/A/C/D

თეგებიევრო 2016
0.125131