4-5 ივნისს საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ჩატარდა მარშალ ჰაზი ასლანოვის სახელობის ტურნირი 1999-2001 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის.
ეს საერთაშორისო შეჯიბრი წელს ოცდამეთვრამეტედ გაიმართა და მასში მონაწილეობა 10 ქვეყნის 400-ზე მეტმა ძიუდოისტმა მიიღო.
საქართველოს ნაკრები ბაქოში ძირითადად 2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკების გუნდით იყო ჩასული.
ტურნირში ჩვენი ქვეყნის გარდა მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, ისრაელის, რუსეთის, სლოვენიის, ხორვატიის, უნგრეთის, ირანის, თურქმენეთის და ყირგიზეთის ძალიან ძლიერი ნაკრებები.
აღნიშნული ტურნირი რეგიონალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური და პრესტიჟულია ამ ასაკში არსებულ შეჯიბრებს შორის.
გრანდიოზულ გახსნას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები.
ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 5 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მასპინძელი აზერბაიჯანის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში ისევე როგორც ვაჟებში, ასევე – გოგონებში მეორე ადგილზე გავიდნენ.
ოქრო – გიორგი ჩიხელიძე (-60კგ, თბილისი), ალექსანდრე კაიდარაშვილი (-66კგ, გორი), ვლადიმერ ახალკაცი (-73კგ, ქარელი), სალომე მაყიშვილი (+70კგ, თბილისი)
ვერცხლი – ლაშა ვარძელაშვილი (-55კგ, გორი), გურამ ძავაშვილი (-60კგ, გორი), გიორგი შარაბიძე (-81კგ, ქუთაისი), თინათინ რევაზიშვილი (-57კგ, საგარეჯო), ინდირა სილაგაძე (-63კგ, ქუთაისი)
ბრინჯაო – ოთარ გოგიძე (-81კგ, გორი), დიმიტრი ნასყიდაშვილი (-81კგ, ქარელი), გიორგი ბურჯალიანი (+90კგ, ქუთაისი), ნატო ფოთელიძე (-48კგ, აჭარა), ელენე ბებოშვილი (-57კგ, თბილისი), ქეთევან ჩხაიძე (-63კგ, აჭარა).