კალათბურთი

15:20 | 6.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამგეობამ შენგელიას და დათიკაშვილის თხოვნა დააკმაყოფილა

დღეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელსაც 9 წევრიდან 6 დაესწრო: მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი), გიორგი ქართველიშვილი (გენერალური მდივანი) და ვეტერანი კალათბურთელები გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია, ვალერი ლომაძე და გია სანაძე. საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, რომელიც ეროვნული ნაკრების საქმესთან დაკავშირებით უცხოეთშია წასული. არ იმყოფებოდნენ აწ უკვე ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და გამგეობის ყოფილი წევრი კახა შენგელია და გამგეობის ყოფილი წევრი, საკალათბურთო კლუბ ვითას პრეზიდენტი თემურ დათიკაშვილი.

გამგეობამ შენგელიას და დათიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ იმსჯელა, რომლებმაც ფედერაციას ბრალი თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში დასდეს და ამის გამო რიგგარეშე ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები მოითხოვეს.

ამასთან ერთად ფედერაციამ შენგელიას და დათიკაშვილის გამგეობის წევრად ყოფნა-არყოფნაზე იმსჯელა. სხდომის დასრულების შემდეგ გამგეობის წევრებმა მასმედიისთვის განცხადება გააკეთეს.

მიხეილ გაბრიჩიძე: „გამგეობამ იმსჯელა შენგელიას და დათიკაშვილის მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე, სადაც მათ გამგეობის დატოვება მოითხოვეს. გამგეობამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი თხოვნა, რადგან გამგეობის წევრებს ყრილობა ირჩევს, ამიტომ სავალდებულოა მათ საჯარო რეესტრს მიაკითხონ, რათა მათი საქმე ოფიციალურად გატარდეს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, გამგეობა არ იზიარებს მათ ბრალდებებს და ყრილობა როგორც დაგეგმილი იყო 2017 წლის დეკემბერში ჩატარდება.

გამგეობა მოუწოდებს კახა შენგელიას და თემურ დათიკაშვილს შეწყვიტონ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მოახდინონ მათ მიერ მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „მსოფლიო სპორტი“ ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

0.114555