ბლოგი

12:36 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაშინ, როცა გამოსავალიც არ ჩანს...

“ბეთლემი”-“კოლხეთის” მატჩის ნახვის შემდეგ სიმართლე რომ გითხრათ არანაირი სურვილი არ გამჩენია ამ უბედურებაზე რაიმე დამეწერა. სურვილი არ მქონდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს თემა უკვე ყელში გვაქვს ყველას ამოსული და საქართველოს საფეხბურთო პირველობაზე მომხდარი სამარცხვინო ამბები ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს უკვე უბრალოდ აღარ აინტერესებთ.

მაგრამ, აი გავიდა კვირაზე მეტი, აჟიოტაჟი თითქოს მიწყნარდა, ფეხბურთის ფედერაციამ ქედას “ბეთლემი” რანგით კიდევ უფრო დაბალ ლიგაში დააქვეითა, ხელებიც გადაიბანა და ვალიც მოიხადა. ამის შემდეგ ქართველის ამბავი ხომ იცით? ყველას ყველაფერი მიავიწყდა და სულ მალე შეიძლება ეს სამარცხვინო და საზარელი შემთხვევა ვეღარც კი გაიხსენონ. სწორედ ამ დროსაა მთავარი ჟურნალისტები მუდმივად ვიყოთYფხიზლად და როცა ყველაფერი ყველას დავიწყებული ჰქონია, სწორედ მაშინ გავახსენოთ. გავახსენოთYმწარედ და მტკივნეულად!

აქ აღარ მოვყვები იმ მატჩის დეტალების გარჩევას რადგან, სათქმელი პრინციპში ბევრი არც არაფერია. უნიჭოდ ჩაწყობილი თამაში, მოტყუებული საზოგადობა და თავლაფდახმული ქართული ფეხბურთი – სულ ასე მოკლედ უნდა შეფასდეს ნანახი და განცდილი. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამარცხვინო შემთხვევამ მორალურად წელში გაგვტეხა ყველა ის ადამიანი, რომლებიც აქამდე ხმამაღლა ვცდილობით ჩვენი იავარქმნილი ფეხბურთის დაცვას და ასეთუისე “ვიგერიებდით” იმ ადამიანებს, რომლებასაც ქართულ ფეხბურთში ჩადებული ყველა კაპიკი ებევრებათ.

ადრეც მითქვამს ამ ხალხზე და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენში მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ფეხბურთის დაფინანსების სრულ შეწყვეტას ითხოვენ და სპორტის სხვა სახეობებს “მივაწვეთო” - გაიძახიან. ამ ხალხის რიცხვი წლიდან-წლამდე იზრდება და ძალიან რთულია მათთან არგუმენტირებული საუბარი, რადგან რამდენი არგუმენტიც არ უნდა დაახვავო, მათ აქვთ ერთი მყარი და მტკიცე “არგუმენტი”: შედეგები არ ჩანს? მაშინ რატომ მთხოვ ფულს? დაიხურე ქუდი და წადი!

როგორც ზემოთ გითხარით, “ფეხბურთის გაუქმებისტებს” ახლა იმხელა კოზირი მიეცათ, რომ ძალიან რთულია მათ უბრალო ქომაგის პოზიციიდანაც კი ეკამათო. ასე ღიად თამაშის ჩაწყობა, ასე ღიად თავლაფის დასხმა მართლაც რომ ძალიან სამარცხვინოა და აფრიკის ყველაზე მივიწყებული ქვეყნების ჩემპიონატებშიც კი იშვიათად ნახავთ.

ამ ყველაფერს ასევე ემატება ისიც, რომ ქართულ ფეხბურთში რეფორმების გატარების დროშითNმოსული ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი და გადახალისებული ფეხბურთის ფედერაცია მავანთათვის იყო ერთადერთი (დღესაც მაკვირვებს რატომ სჯეროდათ ასე?) იმედი იმისა, რომ ჩვენში არსებული მანკიერებები დასრულდებოდა და უკან მოვიტოვებდით სირცხვილისა და მარცხის წყებებს, მაგრამ როგორც ხედავთ არაფერიც არ დასრულებულა. პირიქით - საზარლობები დაიხვეწა, ხორცი შეისხა და ხვალინდელი დღე ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო გაბუნდოვანდა.

ასეთ დრო მართლა გულით გინდება, რომ ზურგი აქციო მთლიანად ქართულ ფეხბურთს და გაუშვა იქ, სადაც გასაშვებია, მაგრამ, მერე ვინ ითამაშოს ევროპაში ფეხბურთი? ალბანეთმა და მონტენეგრომ? ბელორუსმა და ლატვიამ? მიშა მესხი მართლა სიზმარიც ხომ არ იყო?...

0.119487