საქართველოს 21-წლამდე ნაკრები აღნიშნულ ასაკში ევროპის მოქმედ ჩემპიონ შვედეთთან დრამატულ მატჩში დამარცხდა – 3:2. არადა, თამაშის სცენარი ისეთი იყო, თავისუფლად შეუძლებოდა არათუ არ წაგვეგო, არამდე მოგვეგო კიდეც. თუმცა, რას იზამ, თამაშს ის იგებს, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს და უდევალის პატარა სტადიონ “რიმნერსვალენზე” ჩვენმა ნაკრებმა მეტი შეცდომა დაუშვა მეტოქესთან შედარებით. განსაკუთრებით, მეკარე ოთო გოშაძემ, რომელსაც გუნდის გაშვებული გოლებში უკეთ მოქმდება შეეძლო...
პირველ ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა ყველანაირ კომპონენტში. გნებავთ, ბურთის ფლობა, კარისკენ თუ კარში დარტყმა, კუთხურები... და მაინც, 27-ე წუთზე ანგარიშში ჩამოვრჩით – კრისტოფერ ოლსონმა პენალტი გაგვიტანა. ქართველებს ყურები არ ჩამოუყრიათ და მალევე გაათანაბრეს – 35-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა კუთხური მოაწოდა და ბაჩანა არაბულმა მეორე სართულიდან შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა – 1:1.
შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავედით და მეორე ტაიმიც ისე მიმდინარეობდა, თითქოს ცუდს არაფერი მოასწავებდა, თუმცა... თუმცა, 78-ე წუთზე გოშაძე გამოსვლაზე შეცდა, მუშტებით ბურთი უხეიროდ მოიგერია, რომელიც ემილ კრაფტს მიუვიდა, მანაც დამუშავება და კარში ბურთის გადაგზავნა ერთდროულად მოახერხა, გოშაძეს კარი დაკარგული ჰქონდა, ბურთიც თავზე გადააფრინდა.
მერე გეგუჩაძემ ცვლილებებს მიმართა, პატარა “ჯვაროსნებმა” ევროპის მოქმდ ჩემიონებს შეუტიეს და ამან შედეგიც გამოიღო: გოლი კი, ისევ კუთხურს მოჰყვა – ხარაიშვილის ჩაწოდების შემდეგ ბურთი სკანდინავიელებმა საჯარიმოდან გამოიტანეს, მაგრამ იქვე ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც ტყავის სფერო ერთი შეხებით დიდოსტატურად გადაგზავნა მასპინძელთა კარში – 2:2. ეს 89-ე წუთზე მოხდა და თითქოს გია გეგუჩაძის წაუგებელი სერია 21-წლამდე ნაკრებში უნდა გაგრძელებულიყო... ავსტრიელმა არბიტრმა მატჩს 5 წუთი დაამატა, მესამე კომპესირებულ წუთზე კი თამაშის მოგება შეგვეძლო. გიორგი თევზაძემ და გრიგოლ ჩაბრაძემ კარგად გაითამაშეს კომბინაცია, რომელსაც “საბურთალოს” ფეხბურთელი აგვიგვინებდა, მაგრამ შვედთა კიპერმა ბოლო მომენტში ბურთის კუთხურზე მოგერიება შეძლო... მერე კი მოხდა ის, რაც გვჩვევია – ბოლო წუთზე მოდუნებული ყურადღება და გაშვებული გოლი. სკანდინავიელთა შემტევმა შორიდან დაარტყა ბურთი მარგველაშვილს მოხვდა, გოშაძემ რეაგირება მოახდინა, მაგრამ ბურთი იქვე მდგომ ჯორდან ლარსონს დარჩა, ვინც ცარიელ კართან ნახევარ მეტრში იმყოფებოდა და ბუნებრივია, რომ გაიტანა – 3:2.
ეს გია გეგუჩაძის პირველი მარციხა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მოსვლის მერე. მეექვსე შესარჩევ ჯგუფში ქართველებს ისევ 9 ქულა დარჩათ და წინ კიდევ ორი მატჩი ელოდებათ – 1-ელ სექტემბერს, ესტონეთს ესტუმრებიან, ხოლო ხუთი დღის მერე შინ ხორვატიის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს მიიღებენ.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილში მდგომარეობას – ხორვატია 18 ქულით ლიდერია, ხოლო შვედეთს ორი ქულით ნაკლები აქვს და თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამე პოზიციაზეა ესპანეთის ნაკრები 13 ქულით, საქართველოს 9 ქულით მეოთხეა, თუმცა სხვებთან შედარებით თამაშით მეტი აქვს გამართული.
შვედეთი (U21) – საქართველო (U21) 3:2 (1:1) (მიმოხილვა)
უდევალი, “რიმნერსვალენი”
შვედეთი (4-4-2): ერლანდსონი; კრაფტი (სუნდბერგი 87), ვალქვისტი, ნილსონი, კონატე; ტანკოვიჩი, ფრანსონი, ოლსონი, ზენელი (ლარსონი 90); ებგვალი, მობერგ-კარლსონი (გუსტაფსონი 62)
მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი
საქართველო (4-4-2): გოშაძე; გეგეჭკორი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე; ხარაიშვილი, გოროზია, გვილია, კიტეიშვილი (თევზაძე 90); არაბული (შენგელია 72), კაჭარავა (ზივზივაძე 80)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლები: 1:0 ოლსონი (27, პენ), 1:1 არაბული (35), 2:1 კრაფტი (78), 2:2 კიტეიშვილი (89), 3:2 ლარსონი (90+5)
გაფრთხილება: ვალკვისტი (20) – ჩაბრაძე (27), არაბული (54)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 13 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)