კალათბურთი

23:16 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაპირისპირება კალათბურთის ფედერაციაში

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გუშინ ჩატარებული გამგეობის სხდომის დასრულების შემდეგ, გამგეობა მისმა წევრებმა კახა შენგელიამ და თემურ დათიკაშვილმა დატოვეს. დათიკაშვილი საკალათბურთო კლუბ ,,ვითას’’ პრეზიდენტია, ხოლო შენგელია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ- ერთ ვიცე- პრეზიდენტად მუშაობდა და ეს თანამდებობაც დატოვა.

ისინი ფედერაციას ბიუჯეტიდან კალათბურთისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ.

შენგელია და დათიკაშვილი მოითხოვენ, რომ ჩატარდეს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა და დაინიშნოს ფედერაციის ახალი რიგგარეშე არჩევნები.

worldsport.ge ზემოთ ნახსენებ განცხადებასთან დაკავშირებით კახა შენგელიას და ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს ესაუბრა.

კახა შენგელია

-რამდენად რეალურია თქვენს მიერ გაკეთებული ის განცხადება, რომელიც დღეს მასმედიამ გაავრცელა?

-ვადასტურებ, რომ მე და თემურ დათიკაშვილმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან, პროტესტის ნიშნად კავშირი გავწყვიტეთ, რადგან იგი ბიუჯეტიდან ბავშვებისათვის გამოყოფილ თანხას არამიზნობრივად ხარჯავს.

-რა თანხაზეა საუბარი?

-საქმე ეხება ესპანურ კომპანია ,,სასკი ბასკეთთან’’ გაფორმებულ ხელშეკრულებას და უკვე გახარჯულ ერთ მილიონ 300 ათას ლარს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოდან ესპანელებს 16 მოზარდი კალათბურთელი უნდა წაეყვანათ. თბილისში ჩატარებული კემპის შემდეგ მართლაც შეირჩა 16 კალათბურთელი, მაგრამ იქ მხოლოდ სამი სპორტსმენი ბულაშვილი, ტურძელაძე და დარბაიძე დაიტოვეს. აქედან ბულაშვილს მამა აფინანსებს ტურძელაძე და დარბაიძე კი ისეთ გაუსაძლის პირობებში იყვნენ, რომ უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ. ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვა სად ან რაში დაიხარჯა ერთი მილიონ 300 ათასი ლარი.

ერთიც მინდა ავღნიშნო, ,,სასკი ბასკონია’’-ს საკუთრებაა პრიმერა-დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ,,კახა ლაბორალი“, სადაც ჩემი შვილი თორნიკე თამაშობს. გამოდის, რომ მე და თორნიკე ფედერაციამ ფარად გამოგვიყენა.

-რა მიზნით დაინიშნა გამგეობის გუშინდელი სხდომა?

-გუშინდელ დღემდე ბოლოს როდის ჩატარდა სხდომა, არ მახსოვს. ფედერაცია ყველა გადაწყვეტილებას გამგეობის გარეშე იღებს. გუშინდელი სხდომა კი ჩემი მოთხოვნის შემდეგ დანიშნეს.

-სხვა პრეტენზიები თუ გაქვთ ფედერაციის მუშაობის მიმართ?

-გამგეობას და სტკ-ს ფუნქციები დაკარგული აქვს. თანხის ეკონომიის მიზნით ,,ბ“ ლიგაში თამაშები კომისრებისა და სტატისტიკოსების გარეშე ტარდება. ამავე მიზნით კალათბურთელ ქალთა ნაკრებს ერთი ექიმი ემსახურება.

-ახლა რას აპირებთ?

-სასამართლოში ჩივილს ნამდვილად არ ვაპირებ. შევკრიბავ საკალათბურთო სამყაროს და მათ გადაწყვიტონ.

-საპრეზიდენტო არჩევნებში თუ აპირებთ კენჭისყრას?

-რა თქმა უნდა, ვაპირებ.

-რომ არ დათანხმდეს ფედერაცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას?

-ყველაფერი ისე იქნება, როგორც საკალათბურთო სამყარო ჩათვლის.

მიხეილ გაბრიჩიძე

-გაეცანით შენგელიასა და დათიკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას?

-გავეცანი. ვერ გავიგე, საიდან მოიტანა მილიონ სამასი ათასი ლარი. ჩვენი და ,,სასკი ბასკონია“-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საუბარია 300 000 ევროზე. თუ იგი ესპანეთში ქართველ ბავშვებზე არ გაიხარჯება, ფედერაციას დაუბრუნდება. კლუბებთან ქართველი კალათბურთელების მიერ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფედერაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 50 %-ს მიიღებს.

-ბატონი კახა ამბობს, რომ ფედერაციას არ აქვს კომერციული საქმიანობის უფლება.

-ეს არაა კომერცია, რადგან შემოსული თანხა ისევ კალათბურთით დაინტერესებულ ქართველ ბავშვებს მოხმარდება.

კალათბურთის გულშემატკივრებს მინდა შევახსენო. როცა საკალათბურთო კლუბი ,,ვითა“ შეიქმნა, გავიგე, რომ შენგელია ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. მოქმედი კანონიდან გამომდინარე, შენგელიას, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც იყო, ერთ-ერთ სამსახურზე უნდა ეთქვა უარი. ახლა შევიტყვე, რომ ორივე თანამდებობაზე მუშაობდა. მათი განაწყენების მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ,,ვითამ“ კონკურსგარეშე მოინდომა სუპერლიგაში თამაში. ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე, ყოველმა ახალმა გუნდმა ,,ა“ ლიგა უნდა გაიაროს და თუ დაიმსახურებს, ამის შემდეგ მიიღებს უმაღლესი ლიგის საგზურს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ვითამ’’ ფედერაციისაგან უარი მიიღო და ,,ა’’ ლიგიდან დაიწყო სუპერლიგის საგზურისათვის ბრძოლა. გადამწყვეტ შეხვედრაში ,,ვითა“ დამარცხდა ,,კაქტუსთან“, უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩა და ამიტომ არიან დათიკაშვილი და შენგელია განაწყენებულნი.

-შენგელია და დათიკაშვილი ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ...

-არსებობს წესდებით გათვალისწინებული პროცედურები და ამით ვიხელმძღვანელებთ. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

0.162201