ფეხბურთი

15:49 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა: შვეიცარია

Worldsport.ge განაგრძობს ევრო 2016-ის მონაწილე გუნდების წარდგენას

შვეიცარიის ეროვნული ნაკრები

შვეიცარიის ნაკრებმა ევროპის 2016 წლის შესარჩევ ციკლში სამი შეხვედრა წააგო, მაგრამ მაინც უპრობლემოდ მოიპოვა საფრანგეთის საგზური. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ დანარჩენ თამაშებში ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ქულა არ დაუკარგავს. თავის ქვეჯგუფში ისინი საფრანგეთთან ერთად ფავორიტად მოიაზრებიან, რაც ბუნებრივია: შვეიცარია ყველა რგოლში თანაბრად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთა უმეტესობა ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში თამაშობს. თანაც, ამ ნაკრებს ზურგს გამოცდილება უმაგრებს – ბოლო დიდ საფეხბურთო ფორუმებს (ევრო 2012-ს თუ არ ჩავთვლით) ისინი არ დაკლებიან.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

შვეიცარიის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ სათავეში ბოსნიელი სპეციალისტი ვლადიმირ პეტკოვიჩი ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით შვეიცარიამ ჩატარებული თამაშების 60.0% მოიგო, რაც ნორმალური შედეგია. აღსანიშნავია, რომ 52 წლის მწვრთნელს აქამდე ძირითადად სწორედ შვეიცარიაში აქვს ნამუშევარი და იქაურ გუნდებს წვრთნიდა. მათ შორის გამოსარჩევი ბერნის “იანგ ბოიზია”. თუმცა, პეტკოვიჩის კარიერაში რომის “ლაციოც” ყოფილა, რომელსაც 2012-2014 წლებში ედგა სათავეში. მისი კარიერის ყველაზე დიდი წარმატებაც იტალიას უკავშირდება. რომაელებმა ვლადიმირის თაოსნობით 2013 წელს იტალიის თასი მოიგეს, როცა ფინალში თანაქალაქელ “რომას” აჯობეს.

შემადგენლობა

მეკარეები: 21. რომან ბურკი (“დორტმუნდი”, გერმანია), 12. მარვინ ჰიტცი (“აუგსბურგი”, გერმანია), 1. იან სომერი (“გლადბახი”, გერმანია)

მცველები: 20. იოან ჯურუ (“ჰამბურგი”, გერმანია),4. ნიკო ელვედი (“გლადბახი”, გერმანია), 6. მიხაელ ლანგი (“ბაზელი”), 2. შტეფან ლიხშტაინერი (“იუვენტუსი”, იტალია), 3. ჟაკ-ფრანსუა მუბანდჟე (“ტულუზა”, საფრანგეთი), 13. რიკარდო როდრიგესი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), 22. ფაბიან შერი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), 5. სტივ ფონ ბერგენი (“იანგ ბოიზი”)

ნახევარმცველები: 14. დენის ზაქარია (“იანგ ბოიზი”), 10. გრანიტ ჯაკა (“გლადბახი”, გერმანია), 23. შერდან შაქირი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), 8. ფაბიან ფრეი (“მაინცი”, გერმანია), 16. გელსონ ფერნანდესი (“რენი”, საფრანგეთი), 15. ბლერიმ დზემაილი (“ჯენოა”, იტალია), 11. ვალონ ბეჰრამი (“უოტფორდი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: 18. ადმირ მეჰმედი (“ლევერკუზენი”, გერმანია), 9. ჰარის სეფეროვიჩი (“აინტრახტი”, გერმანია), 17. შანი ტარაშაი (“გრასჰოპერსი”), 7. ბრელ ემბოლო (“ბაზელი”), 19. ერენ დერდიოკი (“კასიმფაშა”, თურქეთი)

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): სომერი; ლიხშტაინერი, ელვედი, ჯურუ, როდრიგესი; ბეჰრამი, დზემაილი, ჯაკა; შაქირი, ემბოლო, მეჰმედი

ვლადიმირ პეტკოვიჩმა სანაკრებო სიის მიღმა დატოვა გამოცდილი ნახევარმცველი გოქან ინლერი, რომელსაც “უდინეზესა” და “ნაპოლის” რიგებში არაერთი დაუვიწყარი სეზონი გაუტარებია. თუმცა, გოქანს გასულ სეზონში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, რადგან ინგლისის სენსაციურ ჩემპიონ “ლესტერში” სათადარიგოს როლით იყო შემოფარგლული.

სხვა მხრივ, შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მეკარის პოზიცია, სადაც გერმანიის ბუნდესლიგის სამი გუნდის (“დორტმუნდი”, “გლადბახი”, “აუგსბურგი”) ძირითადი მეკარეები არიან. თუმცა, ფავორიტი მაინც გლადბახელი იან სომერი გახლავთ.

მთავარი ვარსკვლავი: სტეფან ლიხშტაინერი – გამოცდილი სტეფან ლიხშტაინერი 5 წელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ტურინის “იუვენტუსში” ირჯება და თანაც, “ბებერი ქალბატონის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. ლიხშტაინერის სახით შვეიცარიას მარჯვენა ფლანგზე საიმედი პატრონი ჰყავს.

მთავარი იმედი: შერდან შაქირი – შერდან შაქირი, როდესაც მშობლიურ “ბაზელში” თამაშობდა, ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად მიიჩნეოდა. მერე შერდანმა მიუნხენის “ბაიერნს” მიაშურა, მაგრამ დიდი კონკურენციის გამო “რეკორდმაისტერის” რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა. მილანის “ინტერში” კი ხშირად თამაშობდა, თუმცა არც იტალიური გუნდი გამოდგა მისთვის ზედგამოჭრილი. შაქირი ახლა “სტოკ სიტიშია” და ძალზე წარმატებულ სეზონსაც ატარებს. მოკრძალებული ინგლისური კლუბი პრემიერლიგაში კარგად რომ გამოდის, დიდწილად სწორედ შვეიცარიელი გარემარბის დამსახურებაა.

ევროპის ჩემპიონატის ისტორია

თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპს შვეიცარია მეტნაკლები წარმატებით ატარებს და ჯგუფიდან ოთხჯერ გაღწევაც მოუხერხებია, ევროპის ჩემპიონატზე ასე არაა. “წითელ ჯვაროსნებს” ევროფორუმზე აქამდე სამჯერ უთამაშიათ და სამჯერვე ჯგუფში ჩარჩნენ. 1996 წელს ინგლისში, 2004 წელს პორტუგალიაში, ხოლო 2008 წელს სამშობლოში.

ევრო 2016-ის კალენდარი

ალბანეთი – შვეიცარია

11 ივნისი, 17:00 საათი. ლანსი, “სტად ფელიქს ბოლარი”

ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 11 ივნისს, ლანსში ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. შვეცარიელებს მომავალი მეტოქის წინააღმდეგ შესაშური ბალანსი გააჩნიათ: 5 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება. ბოლოს ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2013 წლის 11 ოქტომბერს, ტირანაში დაუპირისპირდა და ის თამაში სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ერთადერთი ფრე კი, ასევე ტირანაში, 2002 წელს დაფიქსირდა.

რუმინეთი – შვეიცარია

15 ივნისი, 20:00 საათი. პარიზი, “პარკ დე პრენსი”

რუმინელებთან “წითელ ჯვაროსნებს” თანაბარი მაჩვენებელი აქვთ: 5 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მათი ბოლო დაპირისპირება 1994 წლით თარიღდება, როცა მუნდიალზე შვეიცარიამ მეტოქე 4:1 გაანადგურა.

შვეიცარია – საფრანგეთი

19 ივნისი, 23:00 საათი. ლილ მეტროპოლი, “სტად პიერ მორო”

ჯგუფურ ტურნირს პეტკოვიჩის შეგირდები მასპინძელ საფრანგეთთან თამაშით დაასრულებენ. მათთვის ერთმანეთი ძალზე ნაცნობია, რადგან აქამდე 37-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. უპირატესობას ფრანგები ფლობენ: 16 მოგება, 9 ფრე, 12 წაგება. თუმცა, შვეიცარიას “მამლებთან” რევანში აქვს ასაღები, რადგან ორი წლის წინ, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე 2:5 განადგურდა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ასევე უშანსოდ, თუმცა მოკრძალებული ანგარიშით, 1:3 დამარცხდა.

თამაში წარსულიდან

მუნდიალი 2010 – 16 ივნისი, ჯგუფური ეტაპი. დურბანი, “დურბან სთედიუმი”

ესპანეთი – შვეიცარია 0:1

გოლი: 0:1 ფერნანდესი (52)

საუკეთესო შედეგი: ჯგუფური ეტაპი - 1996, 2004, 2008

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ალექსანდრ ფრაი (42 გოლი) - ამჟამად ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი: ქსერდან შაქირი (17 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი: ჰეინც ჰერმანი (118 თამაში)

0.117717