ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მე-2 გამარჯვება იზეიმა და პირველი დღის თავზე, B ჯგუფში არგენტინასთან ერთად გალიდერდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას აკადემიელები – დათო აფხაზავა, ლევან ლოლიშვილი, ვითელი გიორგი კორსანტია და ესპანური “მიერესის“ წევრი ნიკა დარბაიძე იცავენ.
ამ ოთხეულმა საწყის შეხვედრაში ტურნირზე მე-2 განთესვის მქონე თურქეთს 15:11 სძლია, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში კი ანდორა 17:12 დაამარცხა. ასევე 2 გამარჯვება აქვთ ხსენებულ არგენტინელებს. მათ ჩინეთს 21:17 სძლიეს, ანდორას კი 19:10 მოუგეს.
ქართველი კალათბურთელები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 3 ივნისს ჩაატარებენ: 11:35 საათზე – ჩინეთთან და 14:15 საათზე – არგენტინასთან. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობის ოც მონაწილეს შორის მხოლოდ მე-18 განთესვა გააჩნია.