საქართველოს 18-წლამდელთა გუნდმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაწყებულ 3X3 კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და მე-2 განთესვის მქონე თურქეთს 15:11 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში 20 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ ხუთგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი, ორ-ორი საუკეთესო კი ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების ღირსებას აკადემიელები – დათო აფხაზავა, ლევან ლოლიშვილი, ვითელი გიორგი კორსანტია და ესპანური “მიერესის“ წევრი ნიკა დარბაიძე იცავენ.
მათ თურქებთან მატჩში უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდეს, შეხვედრის უმეტესი ნაწილი ლიდერობდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმეს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქებმა ჩინეთთანაც წააგეს (19:21) და თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიყენეს. ამ დროისთვის, B ჯგუფის ლიდერი არგენტინაა, რომელმაც ანდორას (19:10) და ჩინეთის (21:17) დამარცხება მოახერხა.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი ანდორასთან ელის და გამარჯვების კარგი შანსიც აქვს. ეს შეხვედრა 15:10 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი თვალი აქ შეგიძლიათ მიადევნოთ.
ქართველი კალათბურთელები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 3 ივნისს ჩაატარებენ: 11:35 საათზე – ჩინეთთან და 14:15 საათზე – არგენტინასთან. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობის ოც მონაწილეს შორის მხოლოდ მე-18 განთესვა გააჩნია.