თურქულ “დარუშაფაკას”, რომლის შემადგენლობაში ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობს, სავარაუდოდ, დევიდ ბლატი ჩაიბარებს. როგორც ირკვევა, “კლივლენდ კავალიერსის” და რუსეთის ეროვნული ნაკრების ექს-თავკაცთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ბლატი “კლივლენდ კავალიერსიდან” დაითხოვეს, არადა, მაშინ მისი გუნდი 30 მოგებითა და 11 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი გახლდათ. აი, გასულ სეზონში კი, 57 წლის მწვრთნელის მიერ დარიგებულმა “კლივლენდმა” ნბა-ს ფინალში გასვლა მოახერხა.
ბოლოს, დევიდი ევროპაში 2013-14 წლების სეზონში მუშაობდა, როდესაც თელ-ავივის “მაკაბისთან” ერთად ევროლიგაში გამარჯვება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ბლატს ნბა-ში რამდენიმე კლუბი აკვირდებოდა, მისი ერთგვარად უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი კი ფინანსებში უნდა ვეძიოთ. ცნობილია, რომ “დარუშაფაკას” მომდევნო სეზონისთვის ევროლიგის კლუბებს შორის ერთ-ერთი უდიდესი ბიუჯეტი ექნება, გუნდის უწინდელმა თავკაცმა ოქტაი მაჰმუთიმ კი პოსტი სწორედ დღეს დატოვა.