მარკო როისი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ის იოაჰიმ ლიოვის 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. საქმე ისაა, რომ როისს კოჭზე პრობლემები აქვს. ამას უკვე უიღბლობაც აღარ ჰქვია: როისმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვა, მაშინ რამდენიმე დღით ადრე მიიღო ტრავმა და აი, ამჯერადაც.
“ჩვენთვის მწარე გადაწყვეტილებაა, როისი გერმანიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს” – განაცხადა ლიოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
სხვათა შორის, დღეს მარკო როისს იუბილე აქვს: 27 წლის გახდა.
როისის გარდა, ლიოვის სიიდან ამოვარდნენ იულიან ბრანდტი, კარიმ ბელარაბი და სებასტიან რუსი.