ფეხბურთი

21:41 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ს.კ “ვიტ ჯორჯიას“ მიმართვა საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებას

მოგახსენებთ, რომ სფფ-ის ლაცენზირების კომიტეტის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, ფკ „ვიტ ჯორჯიას" უარი ეთქვა ეროვნელი ლიცენზიის გაცემაზე შემდეგი ორი მიზეზით:

1. წარმოდგენილი მცხეთა პარკის სტადიონი არ აკმაყოფილებს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს (23-ე მუხლი);

2. ლიცენზიის მაძიებელს გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანებები თანამშრომლების მიმართ (50-ე მუხლი).

მიგვაჩნია, რომ სფფ–ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის იურიდიული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს მოქმედი საფეხბურთო ნორმატიული აქტების დანაწესებს.

ლიცენზირების კომიტეტის ძირითადი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ის დაეყრდნო ,,სფფ კლუბების ლიცენზირების დებულებები უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისთვის“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვით, საფეხბურთო მოედანი უნდა აკმაყოფილებდეს სტადიონების ინფრასტრუქტურის შესახებ უეფა-ს დებულებებში განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს.

ლიცენზირების კომიტეტს გამორჩა, რომ ,,სფფ –ის კლუბების ლიცენზირების დებულებების (2015 წ. გამოცემა) დამატება ეროვნული კლუბების ლიცენზირების მიზნებისთვის“ ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი საერთოდ ამოღებულია, შესაბამისად, აღნიშნული მუხლით ეროვნული ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა არის აბსოლუტურად უკანონო.

რაც შეეხება ამ საკითხის ფაქტობრივ განხილვას, აუცილებელია აღინიშნოს, რომ „საქართველოს 2015–16 წ.წ. 27-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების პირველობის, დავით ყიფიანის სახელობის თასის 26–ე გათამაშების დებულება“ დანართი 1 პრეამბულის მიხედვით (მოთხოვნები უმაღლესი ლიგის კლუბების სტადიონებისადმი) , მოთხოვნები ინფრასტრუქტურის მიმართ სიმკაცრის მიხედვით იყოფა 3 თანრიგად: A – სავალდებულო, B – აუცილებელი , C – გასათვალისწინებელი.

აუცილებელი ინფრასტრუქტურული მოთხოვნები, რაზეც მიუთითებდა ლიცენზირების კომიტეტი, ეროვნული ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის დროს, განეკუთვნება B თანრიგის მოთხოვნებს. აღნიშნული დებულების მიხედვით, მათი შეუსრულებლობა არ იწვევს ავტომატურ უარს, თუმცა კლუბს უწესდება ფინანსური სანქციები.

ხაზი უნდა გაესვას, რომ ფკ „ვიტ ჯორჯია“–მ დადგენილ ვადებში სრულად შეასრულა, როგორც A თანრიგის (სავალდებულო), ასევე B თანრიგის (აუცილებელი) ინფრასტრუქტურული მოთხოვნები, რაზეც მიუთითებს ქვემოთ მოყვანილი ფაქტები:

2016 წლის 8 თებერვალს ფკ „ვიტ ჯორჯია“–ს ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობა სტადიონების ინსპექტირების (საშეჯიბრო და სალიცენზიო) კომისიის მივლინების თაობაზე, სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების შესამოწმებლად.

2016 წლის 18 მარტს ფკ „ვიტ ჯორჯია“–ს მიმართა ზემოხსენებული კომისიის წევრმა და ლიცენზირების ინფრასტრუქტურის კრიტერიუმების ექსპერტმა თამარ ასათიანმა და საფეხბურთო კლუბს განუსაზღვრა ხარვეზები, რომლებიც ლიცენზირების პერიოდში საფეხბურთო კლუბის მიერ სრულად იქნა აღმოფხვრილი და დოკუმენტალურად ატვირთული სფფ–ს ექსტრანეტზე.

აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ თამარ ასათიანის 2016 წლის 18 მარტის წერილში აღნიშნულია, რომ სხვა ხარვეზების დადგენის შემთხვევაში კლუბი დამატებით იქნებოდა ინფორმირებული, თუმცა ამ თარიღის შემდეგ, ლიცენზირების ინფრასტრუქტურის კრიტერიუმების შესახებ ჩვენ არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია, შესაბამისად სხვა ხარვეზები დადგენილი არ იყო.

“სფფ კლუბების ლიცენზირების დებულებები უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისთვის“ მე–2 დანართის (A) პუნქტის მიხედვით თუ დოკუმენტები არ არის სრულყოფილი ან თუ ლიცენზიის მაძიებელი არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შესაბამისი ექსპერტები უკავშირდებიან ლიცენზიის მაძიებელს, რათა შეთანხმდნენ შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებზე:

- მოითხოვოს ინფორმაცია, მტკიცებულებები, კითხვარი ან ფორმა, რომელიც აკლია;

- მოითხოვოს განმარტებები ან დამატებითი დოკუმენტები;

- შემდგომი გამოკვლევის მიზნით განახორციელოს ვიზიტი კლუბში;

ამასთან, ამავე დებულებების მე–4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ლიცენზიარი (სფფ) ვალდებულია შეამოწმოს კლუბის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, განიხილოს მათი შესაბამისობა და განსაზღვროს, შესრულდა თუ არა ყველა კრიტერიუმი და რა დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო. ლიცენზიარი (სფფ) ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელს აცნობოს , თუ რა დამატებითი დოკუმენტაცია არის წარმოსადგენი ლიცენზიის მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბის მხრიდან, დაწესებულ ვადებში სრულად იქნა გამოსწორებული და წარდგენილი ხარვეზების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სტადიონების ინსპექტირების (საშეჯიბრო და სალიცენზიო) კომისიას და ლიცენზირების ინფრასტრუქტურის ექსპერტს, ხარვეზების აღმოფხვრის შემდგომ, საბოლოო დასტურის გაცემის მიზნით, ადგილზე არ შეუმოწმებია სტადიონები და სავარჯიშო მოედნები და არც ხარვეზების შესახებ მოუხდენია დამატებითი ინფორმირება.

შესაბამისად, ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება „მცხეთა პარკის სტადიონი არ აკმაყოფილებს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს“ არის სრულიად უსაფუძვლო და ამ მუხლით ეროვნული ლიცეზიის გაცემაზე უარის თქმა არის უსამართლო.

ლიცენზირების კომიტეტის მიერ ეროვნული ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ასევე მუხლი 50–ე შემდეგი ფორმულირებით: “ ლიცენზიის მაძიებელს გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანებები თანამშრომლების მიმართ“.

„სფფ კლუბების ლიცენზირების დებულებების უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისთვის“ 50–ე მუხლის დანართი №7–ის A-პრინციპის მეორე ნაწილის მიხედვით, ვადაგადაცილებულად არ ითვლება დავალიანება, თუ კრედიტორთან არსებობს შეთანხმება, ვადაგადაცილებული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ვადის გაგრძელების შესახებ.

2016 წლის 25 მარტს ფკ „ვიტ ჯორჯია“–ს მიერ გაფორმებული იყო შეთანხმება თანამშრომლებთან დავალიანების ივნისამდე გადავადების თაობაზე, რასაც ეთანხმებოდა თანნამშრომლების სრული შემადგენლობა.

2016 წლის 28 მარტს ფკ „ვიტ ჯორჯია“–მ სფფ–ს კონტრაქტორ აუდიტორულ კომპანიას „PWC” გადაუგზავნა მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული შეთანხმება, ამასთან, “PWC” აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს წერილობით.

აქედან გამომდინარე, ლიცენზირების კომიტეტს არ გააჩნდა არანაირი საფუძველი მიეჩნია აღნიშნული დავალიანებები ვადაგადაცილებულად და უარი ეთქვა ეროვნული ლიცენზიის გაცემაზე,

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 28 აპრილის მდგომარეობით ფკ „ვიტ ჯორჯიას“ უკვე დაფარული აქვს თანამშრომელთა დავალიანება სრულად, რაც დასტურდება შ.პ.ს. „საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯიას“ უწყისით. თუმცა არც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იქნა გათვალისწინებული.

სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ჩვენმა კლუბმა მიმართა ლიცენზირების მოქმედი დებულებებით განსაზღრულ ყველა ორგანოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ქმედებები და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები იყო ფორმალური. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მათ ამოძრავებდათ სამართლიანობის აღდგენის სურვილი. მიუხედავად დოკუმენტალური მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებებისა, მათ ძალაში დატოვეს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გვაქვს გაუგონარ უსამართლობასთან და „ჩაკეტილი წრის“ პრინციპი არ გვაძლევს სამართლის პოვნის არანაირ საშუალებას, გვრჩება ერთადერთი სამართლებრივი გზა – მივმართოთ სფფ–ს პრეზიდენტს, ბატონ ლევან კობიაშვილს და ვთხოვოთ მოიწვიოს სფფ–ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა და სფფ–ს წესდების 71–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე, ფეხბურთის განვითარებისა და სამართლიანობის პოლიტიკის შესაბამისად, განიხილოს „საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯია“–ს უმაღლეს ლიგაში დაშვების საკითხი.

www.witgeorgia.ge

თეგებივიტ ჯორჯია
0.121721