ინგლისურმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარკუს რეშფორდს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. "იუნაიტედის" ვებგვერდის ცნობით, 18 წლის თინეიჯერი "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლის ჩათვლით დარჩება, თუმცა კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება ავტომატურად იქნება შესაძლებელი.
"მარკუსი ნამდვილი ტალანტია დიდი პოტენციალით. იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, გაზრდა სჭირდება, მაგრამ ჩვენთან ამას უფრო ადვილად მოახერხებს", - თქვა "მანჩესტერის" ვიცეპრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა.
"ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით. მე ყოველთვის ვიყავი "მანჩესტერის" გულშემატკივარი და პირველ გუნდში თამაში ბავშვობიდანვე ჩემი მიზანი იყო. "იუნაიტედი" მსოფლიოს ყველაზე დიდი გუნდია", - განაცხადა რეშფორდმა.
რეშფორდის გარდა, "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2020 წლამდე კიდევ ერთმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა კემერონ ბორთვიკ-ჯექსონმა გაახანგრძლივა.
რეშფორდი "მანჩესტერის" მთავარ გუნდში გასულ სეზონში ლუის ვან გაალის წყალობით გამოჩნდა და უმალვე ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. მას კარგი თამაში მარტო კონტრაქტით არ დაფასებია: როი ჰოჯსონმა მარკუსი ინგლისის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატისთვის გამოიძახა.