ფეხბურთი

14:52 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "პრობლემებს ვერ ავცდით, თუმცა არაფერს დავთმობთ"

30 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთში გაემგზავრება, სადაც 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მასპინძელთა 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

გია გეგუჩაძის გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშობს, შვედეთში გამგზავრებამდე კი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გია გეგუჩაძე: „მზადება თბილისში დავიწყეთ. შვედეთში დაგვემატება გიორგი გოროზია. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება ჯიმი ტაბიძე, რომლის თაობაზე პასუხი დღეს გვეცოდინება. ექიმების დიაგნოზს ველოდებით გიორგი პაპუნაშვილზე - მას ფეხზე სურათი უკვე გადაუღეს და მალე გვეტყვიან, შეძლებს თუ არა თამაშს. სამწუხაროდ, ასეთ პრობლემებს ვერ ავცდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს დავთმობთ. გუნდში კარგი განწყობაა, მეგობრული ატმოსფეროა, ბიჭები მოგვყვებიან, იოლად ითვისებენ სიახლეებს და მჯერა, ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს...
...ლუკა ზარანდიას დისკვალიფიკაცია აქვს და ეს იქნება ბოლო თამაში, რომელსაც გამოტოვებს. ამიტომაც ვერ ითამაშებს ის შვედეთში. რაც შეეხება სიის მიღმა დარჩენილ სხვა ფეხბურთელებს: მინდა, განვაცხადო, რომ ყველას ვაკვირდებით, გვაქვს გაფართოებული სია, გვაქვს კომუნიკაცია ფეხბურთელებთან, რამდენჯერმე ნაკრების ვარჯიშებზეც გამოვიძახეთ. ასე რომ, მათ იციან, რომ შეიძლება, ნებისმიერ დროს მოუწიოთ ნაკრებში თამაში და ამისთვის მზად უნდა იყონ“.

დაჩი ცნობილაძე: „ნაკრებში ყოფნა დამატებით მოტივაციას არ საჭიროებს. გუნდში კარგი განწყობაა და გვინდა, წარმატებით ვითამაშოთ. ყველანი მონდომებულები ვართ და ვცდილობთ, ის დავალებები, რასაც მწვრთნელები გვაძლევენ, მოედანზე გადავიტანოთ“.

სფფ-ის პრესსამსახური

0.133605