სხვა

15:10 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე

“კარაოკა არენა 2” – ასე ჰქვია ამ დღეებში გახსნილ ახალ სპორტულ კომპლექსს, სადაც გაიმართება ოლიმპიური ტურნირები ძიუდოში (6-12 აგვისტო), ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში (14-21 აგვისტო).

ეს ულტრატანამედროვე სპორტული არენა ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე, რიო დე ჟანეიროს დასავლეთის ზონის რეგიონში – ბარაში მდებარეობს. სწორედ ბარაში მოეწყობა შეჯიბრებები ოლიმპიური პროგრამის უმეტეს სახეობებში – მათ შორის კალათბურთში, ველოსპორტში, ძალოსნობაში, ჩოგბურთსი, კრივში, საწყლოსნო და ტანვარჯიშულ დისციპლინებში. აქვეა განთავსებული ოლიმპიური სოფელი, მთავარი პრეს-ცენტრი, საერთაშორისო ტელესამაუწყებლო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ოლიმპიური ობიექტები.

“კარაოკა არენა 2” 10 ათას მაყურებელს იტევს, მთლიანი ფართობი 23 ათასი კვადრატული მეტრია. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ერთ-ერთი საუკეთესო ახალაშენებული სპორტული სარბიელი, ორიგინალური გარე და შიდა დიზაინით, ადაპტირებული სივრცეებით, საუცხოო განათებით.

არანაკლებ მნშვნელოვანია, რომ “კარაოკა არენა 2” ოლიმპიურ სოფელთან ახლოს, ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენები და ოლიმპიური დელეგაციების წევრები შეუფერხებლად მივლენ ასპარეზობის ადგილამდე.

სწორედ ამ სარბიელზე მოუწევს გამოსვლა 19 ქართველ ოლიმპიელს (ძიუდო – 8, თავისუფალი ჭიდაობა – 6, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – 5), რაც დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი ლიცენზიანტების საერთო რაოდენობის ნახევარს შეადგენს.

www.geonoc.org.ge

0.124693