კალათბურთი

1:07 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს და 1-5 ივნისს ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გამოსავლენად შეერკინება.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთში 30 მაისს, გამთენიისას გაემგზავრება და პრინციპული ტურნირისთვის მოსამზადებლად ასტანაში რამდენიმე ვარჯიშსაც გამართავს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ აკადემიელები – დათო აფხაზავა, ლევან ლოლიშვილი, გიორგი კორსანტია და ესანური „მიერესის“ წევრი ნიკა დარბაიძე. დარბაიძეს 3X3 კალათბურთის საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილება აქვს. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

გათამაშების სისტემის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა თურქეთთან, ჩინეთთან, ანდორასთან და არგენტინასთან ერთად. მომდევნო ეტაპზე, პლეი ოფში თითოეული ჯგუფის 5 წევრიდან 2-2 საუკეთესო გადის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონის გამოსავლენად ბრძოლას მეოთხედფინალებიდან გააგრძელებენ.

ტურნირი 1 ივნისს დაიწყება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი იქნება. იმავე დღესვე ქართველები ანდორას დაუპირისპირდებიან. 2 ივნისი ტურნირზე დასვენების დღეა, ხოლო 3-ში საქართველო ჯერ – ჩინეთს, შემდეგ კი არგენტინას გაეჯიბრება.

თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს შემდეგ ბმულზე - https://www.youtube.com/c/fiba3x3

www.gbf.ge

0.169084