სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:23 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხუციშვილი: “ევროპა ლიგის ჯგუფი მინიმუმია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი კი – სერიოზული წარმატება”

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო” თბილისი ევროტურნირებზე მაღალ მიზნებს ისახავს. როგორც worldsport.ge-სთან საუბარში გუნდის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა, “დინამოს” პროგრამა მინიმუმი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ არც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლაზე ვიტყვით უარსო.

ამასთან, ხუციშვილმა “დინამოს” აკადემიაში მიმდინარე ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთი წლის შემდეგ თბილისს დიდი ალბათობით, “ატლეტიკო”, “ბარსელონა”, “რომა” და სხვა ევროპული გუნდები ეწვევიან. რა თქმა უნდა, საუბარი ასაკობრივ გუნდებზეა.

მიზნები ევროტურნირებზე – “დინამოს” მიზანი წარმატებით ასპარეზობაა – თუ რა იგულისხმება წარმატებაში, მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შევალთ, ეს რა თქმა უნდა, სერიოზული წარმატება იქნება ჩვენთვის, თუმცა პროგრამა მინიმუმი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპია”.

ახალწვეულებზე – “ჯერჯერობით კონკრეტული გვარების დასახელება არ შემიძლია, ამის შესახებ ვმუშაობთ. ფაქტობრივად რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი გადაწყვეტილია, მაგრამ მუშაობა ჯერ კიდევ მიდის. რამდენიმე დღეში ყველაფერი ოფიციალურად გახდება ცნობილი”.

წამსვლელებზე – “არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი დამთავრდა და გუნდს დატოვებს. ესენი არიან გიორგი გურული, გიორგი ჯანელიძე, მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა. ამ ეტაპზე მწვრთნელის ჩამოსვლას ველოდებით, რომელიც ცოტა ხანში ჩამოვა თბილისში, დავსხდებით და ყველაფერზე დავილაპარაკებთ”.

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე – “ასეთი ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია. მე როგორც ვიცი, ასეთი მასშტაბური ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა. ეს მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, რომ ბავშვები გაიზარდონ, ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. თქვენც ხედავთ, რა თამაშებია და რამხელა გამოცდილებას იღებენ ახალგაზრდები. ამ ტურნირის ჩატარებას ყოველ წელს ვაპირებთ და მომავალ წელს უფრო მასშტაბური იქნება. რაც ყველაზე კარგია, უმოკლეს დროში მოხდა ტურნირის ორგანიზება. ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე ტარდება. ეს გათამაშება ჩვენ გვასწავლის სად ვართ, რა გვაქვს გამოსასწორებელი”.

კონტიგენტი მომავალ წელს – “მოლაპარაკებები არის “ატლეტიკოსთან”, “ბარსელონასთან”, “რომასთან”, “ლაციოსთან”, “სელტიკთან” და მათ ფაქტობრივად დაგვიდასტურეს გაისად მონაწილეობა, უბრალოდ, რაღაც დეტალებია შესათანხმებელი. ასევე ვარშავის “ლეგია”, პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და საერთოდ, ახლა ვინც არიან ჩამოსულნი, ამ გუნდებმაც გამოთქვეს სურვილი მომავალ წესლ ჩამოსვლის”.

შეგახსენებთ, “დინამო” ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მეორე საკვალიფაკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და თუ ორი ბარიერის დაძლევას მოახერხებს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტპაზე თამაშს გაინაღდებს, ხოლო თუ ლიგის პლეი-ოფშიც წარმატებით გამოვა, მაშინ ევროპის მთავარი ტურნირის ძირითად ბადეში, ანუ ჯგუფში მოხვდება.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე 12/13 და 19/20 ივლისს ითამაშებს, ხოლო მანამდე მეტოქის ვინაობას 20 ივნისს გაიგებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11777