დღეს ვიტალი დარასელიას ტურნირზე ჯგუფებში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის “დინამოს” მიერ ორგანიზებულ ტურნირზე 5 უცხოური გუნდი გამოდის და სამი ქართული: ერთი “ლოკომოტივია”, ხოლო “დინამო” ორი გუნდითაა წარმოდგენილი. დღეს “ლოკომოტივმა” და ‘დინამოს” პირველმა გუნდმაც თავიანთი მატჩები მოიგეს, რითაც ბოლო ტურის წინ არათუ ჯგუფიდან გასვლა, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდეს.
დღის პირველ მატჩში “ლოკომოტივმა” (მწვრთნელი – ლაშა გაფრინდაშვილი, აკადემიის მთავარი მწვრთნელი – გიორგი მინაშვილი) პოლონურ გდანსკის “ლეხიას” 1:0 სძლია. მე-4 წუთი იყო, როცა სერგი არჩვაძემ მოხდენილი თავურით გაიტანა. პოლონელები ქართველებზე ბრგეები და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენების უპირატესობა შეიმჩნეოდა. “ლეხიას” ასპროცენტიანი მომენტი თითქმის არ ჰქონია, “ლოკომოტივს” კი კიდევ ორი შანსი ჰქონდა.
ორი მატჩი, ორი მოგება და არცერთი გაშვებული ბურთი – ასეთია “ლოკომოტივის” შედეგი.
ამავე ჯგუფში, წააგო მეორე ქართულმა გუნდმა: “დინამო-2” თურქულ “ტრაბზონსფორთან” 0:1 დამარცხდა. საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ თურქებს და ეს “ლოკომოტივთანაც” გამოჩნდა: მიუხედავად მარცხისა, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
ხვალ გაირკვევა, თუ ვინ გავა ჯგუფში მეორე ადგილზე. ყველაზე კარგი შანსი სწორედ “ტრაბზონსფორს” აქვს, რადგან ფრეც ხელს აძლევს “ლეხიასთან”. აი, “დინამო-2”ის შანსი კი მცირეა, რადგან გასასვლელად “ლოკომოტივის” დამარცხება და ამასთან, “ლეხიას” თურქებთან გამარჯვება სჭირდებათ.
A ჯგუფი
ალკმაარი-შერიფი 2:2
გოლები: 1:0 ვან დერ ვახტი (პენ), 1:1 მაკალიჩი (პენ), 2:1 ჰელმერი, 2:2 ნედოვი
დინამო – ბეშიქთაში 3:0
გოლები: 1:0, 2:0 ბაბუნაძე, 3:0 ნიკა ნინუა
- დინამო 2 2 0 0 6:1 6
- ალკმაარი 2 0 2 0 2:2 2
- შერიფი 2 0 1 1 3:5 1
- ბეშიქთაში 2 0 1 1 0:3 1
A ჯგუფში “დინამო” უპირობო ლიდერია და პირველობაც გაინაღდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილებმა დღეს “ბეშიქთაშს” 3:0 მოუგეს. სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს: დუბლი მიითვალა თამაზ ბაბუნაძემ, ერთი კი ნიკა ნინუამ დაამატა. “დინამოს” ჰყავს საქართველოს 16 და ასევე, 17-წლამდელთა ნაკრების ბევრი ფეხბურთელი. შანსი არ ჰქონიათ თურქებს.
ასე რომ, “დინამო” - “ლოკომოტივი”, შესაძლოა, ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.
ამავე ჯგუფში, “ალკმაარი” და “შერიფი” 2:2-ზე გაეყარნენ. ჰოლანდიელებისგან უკეთეს თამაშს ველოდით, თუმცა ერთია ტექნიკური უპირატესობა და მეორე შედეგი. მოლდოველები უფრო ხისტად მოქმედებდნენ, უფრო მეტიც იმოძრავეს და საბოლოოდ, ფრეს მიაღწიეს.
B ჯგუფი:
ლოკომოტივი – ლეხია 1:0
გოლი: 1:0 არჩვაძე
ტრაბზონსფორი – დინამო-2
გოლი: 1:0 ოქსიუზი
- ლოკომოტივი 2 2 0 0 3:0 6
- ტრაბზონსფორი 2 1 0 1 1:2 3
- დინამო-2 2 0 1 1 1:2 1
- ლეხია 2 0 1 1 1:2 1
ბოლო ტური
29 მაისი
17:30. აკადემია. ლოკომოტივი - დინამო 2
17:30. ბაზა. ლეხია - ტრაბზონსფორი
20:00. ბაზა. შერიფი - ბეშიქთაში
20:00. დინამო - ალკმაარი
ნახევარფინალები
30 მაისი
18:00. "მიხეილ მესხი"
20:00. "მიხეილ მესხი"
31 მაისი
15:30. ბაზა. VII-VIII ადგილებისთვის
15:30. აკადემია. V-VI ადგილებისთვის
17:30. აკადემია. III-IV ადგილებისთვის
20:30. "დინამო არენა". ფინალი