სხვა

15:03 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიოს ლიცენზიები ვერ მოიპოვეს

ქართველი ვაჟი მშვილდოსნები ნოტინგემში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვისაც იბრძოდნენ, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს.

რიოს საგზურების მისაღებად მოწინავე სამეულში გასვლა იყო საჭირო, თუმცა, მაქსიუმი რაც ქართველებმა მოახერხეს, მე-2 წრეში ასპარეზობა გახლდათ. პირველ რაუნდში ლაშა ფხაკაძემ ხორვატ ალენ რემარს 7:3 სძლია, შემდეგ კი ფინელ ანტი ტეკონიემისთან 5:6 დამარცხდა.

საწყისი შეხვედრა ესტონელ იაანუს გროსს 6:4 მოუგო ვლადიმერ დოლიძემ, მე-2 წრეში კი სლოვენიელ გასპერ სტრაჟართან 1:7 დამარცხდა. რაც შეეხება ჯაბა მოსეშვილს, ის პირველ წრეში ესტონელ მარტინ რისტს ვერ გაუმკლავდა – 2:6.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების ბოლო ლიცენზიები 12-19 ივნისს თურქეთის კურორტ ანტალიაში დაგეგმილ მსოფლიო თასზე გათამაშდება და მაშინ ქართველი ვაჟი მშვილდოსნები ძალებს როგორც – ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრში მოსინჯავენ.

შეგახსენებთ, რომ უშუალოდ ევროპირველობაზე ფხაკაძე მე-3 წრეში იყო გასული, სადაც რუს ალექსანდერ კოჟინს 6:4 სძლია, აი, მერვედფინალში კი, პირველი განთესვის მქონე და მომავალ ფინალისტ ფრანგ ჟან-შარლ ვალადონტთან 2:6 წააგო.

ქალთა შორის მე-3 წრემდე მისვლა მოახერხა ხათუნა ნარიმანიძემ, თუმცა, იქ უკრაინელ ანასტასია პავლოვასთან 2:6 წააგო.

ახლა, ქართველი ქომაგის ყურადღება ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღისადმი იქნება მიპყრობილი, როდესაც გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ქალ მშვილდოსანთა ნაკრები (ხათუნა ნარიმანუძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე) ფინალშია გასული და 29 მაისს ოქროს მედლებისთვის უკრაინას დაუპირისპირება.

0.115464