კალათბურთი

22:39 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისი-2010” - ღირსეული ჩემპიონია”!

იმერთა მთავარ ქალაქში ქვეყნის დამოუკიდებლობის 98-ე წლისთავზე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისი-2010”-მა პირველად თავის ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პლეიოფის მეხუთე სუპერფინალურ პაექრობაში, ქუთაისურმა კლუბმა 76:71 დაამარცხა თბილისის “დინამო” და სერიაში საბოლოო ანგარიში 3:2 დაფიქსირდა მათ სასარგებლოდ. ამ ყველაფერს კი მოჰყვა საყოველთაო ზეიმი, რასაც კლუბის ქომაგები დიდი ხანი ელოდნენ.

მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის საკალათბურთო დარბაზი გადაჭედილი გახლდათ. ქომაგები შეხვედრის დაწყებამდე და მის შემდეგაც შეუჩერებლივ გულშემატკივრობდნენ თავიანთ გუნდს, რაც საოცარ გარემოს ქმნიდა დარბაზში.

მატჩის სადებიუტო ნაწილი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მალე ისინი 16:6-ს იგებდნენ. ამ ყველაფერში კი ლომის წვლილი ბექა ბექაურს მიუძღოდა, რომელსაც ამ მომეტისთვის 11 ქულა ჰქონდა დაგროვილი. საერთოდ ბექამ ჩინებული მატჩი ჰქონდა და საბოლოოდ, თავისი ორმაგი დუბლით 24 ქულა და 15 მოხსნა დიდი ღვაწლი გაიღო გუნდის გაჩემპიონებაში. ბექას მთავარ “კონკურენტად” ამ საქმეში ზაურ ფაშაევი უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც კრიტიკულ და საჭირო მომენტებში შორი დისტანცებიდან ზუსტად დალაშქრა მეტოქის ფარი. აზერბაიჯანელი ლეგიონერს ანგარიშზე 18 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნაა. 10-ქულიანი ჩამორჩენა სტუმრებმა მალევე აღმოფხვრეს და მინიმუმამდე დაიყვანეს. საწყისი ათწუთეულიც ქუთაისელთა მინიმალური უპირატესობით 22:21 დასრულდა.

მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დედაქალაქელებმა დაიწყეს, რომელთა უპირატესობა რაღაც მომენტში რვა ქულამდეც კი გაიზარდა - 33:25. ყველაზე აქტიურები დინამოელთა მხრიდან ბერიშვილი, მაკალპი და კოვაჩევიჩი იყვნენ. თუმცა მათი კარგი თამაშის მიხედავად ტაიმი მაინც ქუთათურებმა მოიგეს. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს რიონისპირელთა უკანასკნელი იერიში, რომლის დროსაც ზაურ ფაშაევმა მეტოქესთან ბრძოლაში მოახერხა ზუსტი “გასროლა” და ტაბლოზე 42:38 დააფიქსირა, საკუთარი გუნდი შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.

მესამე პერიოდი უკეთესად თბილისელებმა ჩაატარეს და მათ მოიგეს კიდეც დროის ეს მონაკვეთი. უფრო მეტიც, სტუმრებს შეეძლოთ 4 ქულიანი უპირატესობით მისულიყვნენ გადამწყვეტ მეოთხედამდე, მაგრამ ზაურ ფაშაევმა პერიოდის დასრულებამდე წამით ადრე დაახლოებით 11 მეტრიდან ისევ ზუსტად “გაისროლა” და მინიმუმამდე დაიყვანა მეტოქის უპირატესობა - 60:61.

ყველაზე დაძაბული გახლდათ დასკვნითი მეოთხედი, რომელშიც ბურთი კალათაში იშვიათად ვარდებოდა. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ანგარიში 63:63 იყო. ნავსი მაკალპიმ გატეხა ზუსტი სამქულიანით. ამის შემდეგ ყველაზე დიდხანს ტაბლოზე 68:67 კიაფობდა დინამოელების სასარგებლოდ. ორივე გუნდმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვა. ამასობაში 5 პერსონალურის გამო მოედანი გოგოძემ და ბერიშვილმა დატოვეს. გადამყვეტი კი წუთნახევრით ადრე თბილისელთა მიღებული ტექნიკური ჯარიმა გამოდგა, რომლის შემდეგაც ქუთათურებმა წინ გასვლა მოახერხეს ერთი ქულით. დარჩენილ დროში კი, აშკარად ქუთათურები უფრო ზუსტად ირჯებოდნენ და ანგარიშში სხვაობას ზრდიდნენ. თავის მხრივ თბილისელებმა შეტევაში ვერ ივარგეს და საბოლოოდ 76:71 დაფიქსირდა ქუთაისელთა სასარგებლოდ. “ქუთაისი-2010”-მა ქალაქის ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ქუთაისელთა თავკაცი კოტე ტუღუში კი პირველი ქართველი მწვრთნელი შექმნა, რომელმაც სამ სხვადასხვა კლუბში მოიპოვა ჩემპიონობა.

არჩილ ჟღენტი - “ვულოცავ ქუთაისს ამ გამარჯვებას. ვისურვებდი საქართველოს ყველა ქალაქში ასეთ გარემოში იყოს თამაშები”.

გოგა ცეკვავა - “ძალიან დაძაბულ მატჩში გავიმარჯვეთ. საუკეთესო განწყობა შევუქმენით ჩვენს ქომაგებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით და ეს საკალათბურთო ქალაქი გავახარეთ”.

ზაურ ფაშაევი - “ამ ხალხის გულისთვის ღირდა ეს გამარჯვება. საუცხოო განწყობაზე ვარ. ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამ დღისთვის და ეს ყველაფერი გამოგვივიდა”.

გიგი ბარბაქაძე - “ქუთაისი იმსახურებდა ჩემპონობას. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგობა დავძლიეთ და დიდი ხნის ნანატრი ოცნება ავიხდინეთ”.

კოტე ტუღუში - “ეს მატჩი მთელი სეზონის გვირგვინი იყო. საბედნიეროდ ჩვენს სასარგებლოდ შევძელით პაექრობის დასრულება. ვულოცავ ამ საოცარ ქალაქს ამ დღეს და დიდი მადლობა ქომაგებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ჩვენს გაჩემპიონებაში”.

0.398715