ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე ყველას იმდენი რამ წაგვიკითხავს, გვინახავს და მოგვისმენია, არც კი ვიცი განსაკუთრებული რა უნდა გითხრათ. მოლოცვით რა თქმა უნდა მოგილოცავთ და ჩვენს სამშობლოს ყველაფერ კარგსაც ვუსურვებთ, მაგრამ რაც წლები გადის, თანდათან უფრო აქტუალური ხდება, ყველა წერილისა თუ მიმართვის ასე დაწყება: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?"
პესიმისტი არასოდეს ვყოფილვარ და ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ადრე თუ გვიან აუცილებლად აღდგება და ისიც მწამს რომ, რუსეთის, როგორც "ახალი კართაგენის" დაცემას მოვესწრებით, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ჩვენ განვლილ წლებში ვნახეთ, ჭეშმარიტად უცნაური ხალხი ვართ, რომ მაინც გვჯერა მომავლის და ალბათ ამითაც ვართ გამორჩეულნი!
ჩვენსავე მიწაზე დახვრეტილი რიგითი მოქალაქეები, დანგრეული ქართული სოფლები, ოკუპანტების მიერ მითვისებული ტერიტორიები, შეშფოთებული და აღშფოთებული ევროპა, ეკონომიკური კრიზისის გამო სამსახურდაკარგული ჩვენი მოქალაქეები – სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზეც.
განსაკუთრებულად შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეებს, განვლილმა წლებმა ბევრი ვერაფერი გვასწავლა. ის გაურკვევლობა, რასაც ჩვენ საქართველოში ცხოვრებას ვეძახით, კვლავ გრძელდება და კვლავინდებურად გვიჭირს ავისა და კარგის გარჩევა.
საქართველოში ყველაფერი ჯერ კიდევ ისეა, როგორც ორი, სამი, და თუნდაც 30 წლის წინ იყო: ყველაზე წამხდარ, უსინდოსო ადამიანებს, კვლავ ”ერის მამობაზე" აქვთ პრეტენზიები და ”ჭეშმარიტი ქართველების" ნიღაბს ამოფარებულნი, გვასწავლიან როგორ უნდა ვიცხოვროთ. კვლავ პოპულარულია თეორიები მასონებზე, ფარდისმიღმელებზე, ერის გადამაგვარებლებზე და სხვა...
მიუხედავად იმისა რომ დროის ქარიშხალს ჯერ კიდევ არ ამოუვსია რუსული ჭურვების აფეთქების შედეგად გაჩენილი ორმოები, ჩვენ ქვეყანაში მაინც ბევრი ფიქრობს, რომ ”ერთმორწმუნე რუსეთთან" ყოფნა გვიჯობს “მასონურ ამერიკასთან” პარტნიორობას.
თბილისის ქუჩებში ისევ იფურთხებიან, ტროტუარებზე ისევ ყრიან ნაგავს, ქაღალდებს, ნამწვებს... სახლში მისული მთვრალი ქართველი კაცები ისევ უტყაპუნებენ ცოლებს, თბილისის ლაჟვარდოვან ცაზე დაფრინავდნენ და ახლაც ლაღად დაფრინავენ ბინძური ცელოფნის პარკები.
გადაძეძგილი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ისევ აბოლებენ სიგარეტს და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, მგზავრების მწეველობა-არამწეველობა, სადარბაზოებში კვლავ ხშირად ნახავთ ნახმარ შპრიცებსა და წარწერებს: "ძირს პირსისხლიანი სოროსი!", რესტორნებში ქეიფების შემდეგ, ისევ ერთმანეთს ჭრიან ის ბიჭები, რომლებსაც ჩვენი მიწიდან მტერი უნდა გაეყარა, საქართველოს ჩემპიონატში ისევ ბევრია ჩაწყობილი თამაშები, ევროპის ქვეყნებიდან კვლავ ”გვიბრუნდებიან" კაიფში გაპარული და ვენებდაგახსნილი ჩვენი მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, თანაქალაქელები...
მაგრამ, მაინც გვჯერა, რომ ჩვენ არც ისეთი ცუდი ხალხი ვართ, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთეს მომავალსაც ვიმსახურებთ. უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორება ყველამ მართლაც საკუთარი თავიდან და ოჯახიდან უნდა დავიწყოთ.
თუკი ახლა მაინც ჩვენი შეცდომებიდან ვერაფერს ვისწავლით, ჩვენი შვილები 2040 და 2050 წლების 26 მაისსაც აყროლებული მიწისქვეშა გადასასვლელებისა და მათხოვრების ქალაქში შეხვდებიან. ჩვენი სამშობლო კი უკეთესს იმსახურებს!
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. ღმერთი ფარავდეს ჩვენს პატარა სამშობლოს!