საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას ძირითადი ბადის საწყის რაუნდში გამოეთიშა, თუმცა, სასიხარულოა, რომ მან მიჯრით მე-3 კვირა ტრავმიანობის და ტკივილების გარეშე განვლო. აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზმა ფეისბუქის გვერდზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცნობილია იმ ტურნირების ჩამონათვალი, რომლებზეც უიმბლდონის ჩათვლით იასპარეზებს. მომავალი კვირიდან ბასილაშვილი ჩეხური პროსტეიოვის ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) ჩაერთვება და ეს, თიხნარზე მისთვის ბოლო შეჯიბრი იქნება.
აღნიშნულის შემდეგ, უკვე სტარტს ბალახის ტურნირები აიღებს და ქართველი ჩოგბურთელიც გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ჯერ შტუტგარტში (საპრიზო ფონდი 675 645 ევრო), მერე კი ჰალეში (საპრიზო ფონდი 1 826 275 ევრო) ითამაშებს, 27 ივნისიდან კი უკვე მორიგი სლემ-ტურნირი “უიმბლდონიც” დაიწყება.