დამთავრდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ფინალურ სერიაში მოასპარეზე „ქუთაისი-2010“-„დინამოს“ მეოთხე შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ამ შეხვედრამდე სერიაში ანგარიში 2:1 იყო, ქუთათურთა სასარგებლოდ. დღევანდელი შეხვედრის მოგების შემთხვევაში „ქუთაისი-2010“ ჩემპიონი ხდებოდა. ეს ასე არ მოხდა, „დინამომ“ გაიმარჯვა 70:56 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ამრიგად, ჩემპიონის ვინაობა მეხუთე დამატებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომელსაც 26 მაისს, როგორც რეგულარული პირველობის გამარჯვებული, მოედნის უპირატესობის მქონე „ქუთაისი-2010“ უმასპინძლებს.
დღევანდელი შეხვედრა გუშინდელისაგან განსხვავებით მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმის ბოლომდე „დინამო“ ლიდერობდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 33 წამით ადრე შესანიშნავად მოთამაშე „ქუთაისი-2010“-ის აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 32:32. ტაიმის მიწურულს კი მისმა თანაგუნდელმა ბექა ბექაურმა ორქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელებს პირველი ტაიმი მოაგებინა - 34:32.
„დინამომ“ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ ისევ ფაშაევის კარგი თამაშის წყალობით სტუმრებმა ანგარიში ისევ გაათანაბრეს. იმის შემდეგ რაც „დინამომ“ გამორჩეული ყურადღება გაამახვილა ფაშაევის მიმართ, მასპინძლებმა ნელ-ნელა ხელთ იგდეს უპირატესობა, რაც ანგარიშშიც გამოიხატა. მესამე მეოთხედის მიწურულმა და მეოთხე მეოთხედმა „დინამოს“ სრული უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
გულშემატკივრები შეამჩნევდნენ, რომ „ქუთაისი-2010“ ძირითადად ასაკში შესული კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამით შეიძლება აიხსნას, რომ როგორც ნახევარფინალურ სერიაში „სოხუმთან“, ისევ ფინალურ სერიაში „ქუთაისი-2010“ პირველ შეხვედრას ყოველთვის იგებს, მეორე შეხვედრაში დაღლილი გამოიყურებოდა და დამარცხებული ტოვებდა პარკეტს. 26 მაისამდე საკმაო დროა და ორივე გუნდს შეუძლია ძალები მოიკრიბოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისში უაღრესად დაძაბულ თამაშს უნდა ველოდოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისში დარბაზი ყოველთვის ბოლომდე ივსება და გულშემატკივრების დიდი ქომაგობით გამოირჩევიან, შეიძლება მცირე უპირატესობა ქუთათურებს მივანიჭოთ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა ზაურ ფაშაევმა დააგროვა. მასპინძელთა შორის 15 ქულით ყველაზე შედეგიანი „დინამოს“ სერბი ლეგიონერი მაქსიმ კოვასევიჩი იყო. 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა გიორგი შარაბიძემ შეასრულა.
კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვისაგან განსხვავებით ახალი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი პლეი ოფის მატჩებს სისტემატურად ესწრება. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან ერთად ტრიბუნაზე იმყოფებოდა.
დინამო - ქუთაისი-2010 70:56 (18:12, 14:22, 23:14, 15:8)