საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა, ძირითადი ბადის საწყის მატჩს დღეს საღამოს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბასილაშვილის მეტოქე 21 წლის ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება, შეხვედრა კი მე-6 კორტზე თბილისის დროით 18:00 საათამდე არ დაიწყება.
“როლან გაროსზე” ძირითადი ბადის შეხვედრები სტარტს დღეს აიღებს და ცხადია, არაერთი შეხვედრა გაიმართება. მე-6 კორტზე ქართველი ქომაგისთვის საინტერესო დაპირისპირება მე-4 წყებაშია დანიშნული.
თამაშები 13:00 საათიდან დაიწყება და სანამ ბასილაშვილი კორტზე გავა, მანამდე რისკე (აშშ)-გოლუბიცი (შვეიცარია), კუზნეცოვი (რუსეთი)-ბეკერი (გერმანია) და ვესნინა (რუსეთი)-ბრენგლეს (აშშ) მატჩები უნდა დასრულდეს.
და ერთიც. ბუქმეიქერთა ვარაუდით, უპირატესობა ბრიტანელის მხარესაა, თუმცა, გამოკვეთილი ფავორიტს მას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ედმუნდის გამარჯვება 1.6-ად ფასობს, ბასილაშვილზე კი კოეფიციენტი 2.55 გახლავთ.