ჩოგბურთი

18:05 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი “როლან გაროსის” ძირითად ბადეშია!

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა და შარშანდელის მსგავსად, ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა.

საინტერესოა, რომ 2015 წლის მსგავსად, ბასილაშვილი დასკვნით რაუნდში ამერიკელ ჯარედ დონალდსონს დაუპირისპირდა და მართალია, პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ, 4:6, 7:5, 6:2 იმარჯვა.

გასულ მატჩში ნიკოლოზმა პირველ მოწოდებაზე 67-დან 42 ბურთი მოიგო, მეორეზე კი – 22-დან 11. ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილმა 8-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (მეტოქემ 4-დან 3 ბრეიკი მიითვალა), 39 “ვინერი” და 36 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა და ჯამში დონალდსონზე 12 გათამაშებით მეტი (99:87) მოიგო.

ამგვარად, ქართველმა ჩოგბურთელმა “როლან გაროსზე” შარშან გამომუშავებული 35 სარეიტინგო ქულა დაიცვა, მოგვიანებით კი, იმასაც შეიტყობს, ძირითადი ბადის პირველ წრეში ვის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ნიკოლოზი ძირითადი ბადის საწყის შეხვედრაში “უაილდ ქარდის” მქონე ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს გაეჯიბრა და 6:3, 4:6, 6:7 (4:7), 2:6 წააგო.

ბოლოს 1 საინტერესო დეტალიც. 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას გერმანიაში ჰეილბრონის ჩელენჯერზე იმარჯვა, ამდენად, მის ანგარიშზე ზედიზედ 8 მოგებული მატჩია. იმედია, ნიკოლოზი მიღწეულზე არ გაჩერდება და უახლოეს პერიოდში რეიტინგის მოწინავე ასეულს დაუბრუნდება. ამჟამად, ის მსოფლიოს 105-ე ჩოგანია.

0.113982