სხვა

12:52 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნადირაძე – რიოს კიდევ ერთი ლიცენზიანტი

22 წლის მცხეთელმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ 31-ე ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ეს ამბავი გერმანიის ქალაქ დუისბურგში 18-19 მაისს გამართულ ბოლო კონტინენტურ საკვალიფიკაციო ოლიმპიურ ტურნირზე გაირკვა.

ერთადგილიანი კანოეთი 200 მ დისტანციაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად სულ 14 სპორტსმენი იბრძოდა, ოლიმპიადის საგზურს კი პირველი-მეორე ადგილები იძლეოდა. შესარჩევ ეტაპზე ზაზამ დისტანცია 39.038 წამში დაფარა და მეორე შედეგით ფინალურ ჯგუფში მოხვდ. 9-კაციან ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ასევე მეორე შედეგი აჩვენა (40.013) და გამარჯვებულ ესპანელთან, ალფონსო ბენავიდესთან (39.245) ერთად, რიოს საგზური გაინაღდა.

ზაზა ნადირაძე 1993 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მან 2014 წელს უნგრეთში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს ნიჩბოსანთა საუკეთესო შედეგია.

ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანი იქნება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა. 1972 წელს, მიუნხენში, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ორადგილიანი ბაიდარით (ბელარუს ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად) ოლიმპიური ჩემპიონი ფოთელი ვიქტორ კრატასიუკი გახდა. იმავე ოლიმპიადაზე ნიჩბოსნურ სლალომში 31-ე ადგილზე გავიდა მცხეთელი გიორგი ნასყიდაშვილი.

www.geonoc.org.ge

0.118801