საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში 24 წლის ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჯარედ დონალდსონს დაუპირისპირდება, რაც შარშან ამავე ეტაპზე გამართული მატჩის განმეორება იქნება.
დიახ, 2015 წლის “როლან გაროსის” კვალიფიკაციის მე-3 წრეში ბასილაშვილი სწორედ დონალდსონს გადაეყარა, 6:2, 4:6, 6:2 სძლია და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისთან 6:3, 4:6, 6:7 (4:7), 6:2 წააგო. ცხადია, აღნიშნულის გათვალისწინებით, ამერიკელი ხვალინდელ მატჩზე ორმაგად მოტივირებული გავა.
ცნობისთვის, შარშანდელ კვალიფიკაციაში, დონალდსონამდე, ნიკოლოზმა სლოვენიელ ლასლო ჯერეს 6:4, 6:4 მოუგო, ამერიკელ ბიორნ ფრატანჯელოს კი 6:1, 6:7 (9:11), 6:3 სძლია. ქართველ ჩოგბურთელს უკვე 2 მოგება მიმდინარე “როლან გაროსზეც” აქვს: 6:3, 4:6, 6:1 – ფრანგ ტრისტან ლამასინესთან და 6:3, 4:6, 6:4 ესპანელ დანიელ ხიმენო-ტრავერთან.
გაცილებით იოლი გზა გაიარა 19 წლის დონალდსონმა. პირველ წრეში ის უკრაინელ დენის მოლჩანოვთან 4:5-ს აგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, დღეს კი, ფრანგი ალექს მიჩონი 6:3, 7:6 (9:7) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეიტინგში 105-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ბადეში მე-14 ნომრადაა განთესილი, 159-ე ჩოგან დონალდსონს კი 29-ე განთესვა გააჩნია. “როლან გაროსის” ძირითად ბადეში გასვლისთვის 35 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული.