საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციაში მე-14 ნომრადაა განთესილი, მე-2 გამარჯვება იზეიმა და ძირითად ბადემდე დასკვნითი რაუნდის დაძლევაღა აშორებს.
მე-2 წრეში 24 წლის ბასილაშვილი (მსოფლიო რეიტინგში 105-ე) კლასიფიკაციაში 161-ე პოზიციაზე მყოფ 30 წლის ესპანელ დანიელ ხიმენო-ტრავერს დაუპირისპირდა და 6:3, 4:6, 6:4 სძლია.
გასულ მატჩში ნიკოლოზმა პირველ მოწოდებაზე 57-დან 46 ბურთი მოიგო, მეორეზე კი – 25-დან 14. ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილმა 11-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (მეტოქემ 2-დან 1 ბრეიკი მიითვალა), 26 “ვინერი” და 20 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა და ჯამში ხიმენო-ტრავერზე 18 გათამაშებით მეტი (100:82) მოიგო.
“როლან გაროსის” საკვალიფიკაციო ბადის მე-3 რაუნდში გასვლის წყალობით, ბასილაშვილმა 16 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, დასკვნით შეხვედრაში კი 29-ე ნომრად განთესილ ამერიკელ ჯარედ დონალდსონსა და ფრანგ აქსელ მიჩონს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ეს ჩოგბურთელები ამ წუთებში თამაშობენ და გამარჯვებულის ვინაობას უახლოეს საათებში გაარკვევენ.