ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მე-5 შეხვედრა დათმო და ელიტაში აღზევების შანსი დაკარგა.
“მელილასთან” დაპირისპირებაში ანგარიში 2:2 გახლდათ და ქართველი კალათბურთელის კლუბს დასკვნითი მატჩის გამართვა სტუმრად მოუხდა.
ლა კორუნიელებმა მეტოქეს ბოლო წუთებამდე სდიეს, თუმცა, “მელილამ” 88:82 იმარჯვა და ფინალში “პენას უესკასთან” თამაშის უფლება მოიპოვა.
ბურჯანაძემ მოედანზე 30:26 წუთი დაჰყო და 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, პასივში კი 6 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
შეხვედრის ბედი მასპინძელთა სნაიპერმა მარტინ სუკამ გადაწყვიტა, რომელმაც 9-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და ჯამში 24 ქულა ჩააგდო.