ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველი წრე დასძლია. მე-14 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა მასპინძელ ტრისტან ლამასინესთან სამსეტიანი ბრძოლა გადაიტანა და 6:3, 4:6, 6:1 იმარჯვა.
გასულ მატჩში ნიკოლოზმა პირველ მოწოდებაზე 42-დან 27 ბურთი მოიგო, მეორეზე კი – 34-დან 20. ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილმა 13-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (მეტოქემ 3-დან 3 ბრეიკი მიითვალა), 2 “ვინერი” და 4 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა და ჯამში ლამასინეზე 13 გათამაშებით მეტი (82:69) მოიგო.
ამგვარად, საქართველოს პირველმა ჩოგანმა მე-2 რაუნდში გააღწია, სადაც ესპანელ დანიელ ხიმენო ტრავერს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში იტალიელ ლუკა ვანის 6:3, 3:6, 6:4 სძლია. თუკი ბასილაშვილმა ხიმენო ტრავერსაც აჯობა, გადამწყვეტ წრეში ფრანგ აქსელ მიჩონსა და 29-ე განთესვის მქონე ამერიკელ ჯარედ დონალდსონს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.