24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰეილბრონის ჩელენჯერის მოგების წყალობით, ატპ-ს რეიტინგში 563 ქულა მოაგროვა, 20 ადგილით წაიწია და 105-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი “ნეკარქაფზე” განთესილთა შორის არ ყოფილა, თუმცა, ზედიზედ 5 მატჩის მოგება მოახერხა. ნიკოლოზმა ეპანელ დანიელ მუნოზ დე ლა ნავას 6:4, 6:1 სძლია, სლოვენიელ ბლაზ როლას – 6:7 (4:7), 6:3, 7:6 (7:5), ჰოლანდიელ იგორ სისლინგს – 6:2, 3:6, 6:4, სლოვაკ იოზეფ კოვალიკს – 1:6, 6:4, 6:3, ხოლო გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს – 6:4, 7:6 (7:3).
ცნობისთვის, ეს, ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში მე-6 მოგებული ჩელენჯერია. ბასილაშვილმა 2014 წელს კარშის (უზბეკეთი) და ანდრიას (იტალია) ტურნირებზე იმარჯვა, 2015-ში – რაანანასა (ისრაელი) და შევენინგენში (ჰოლანდია), წლეულს მარტში კი – გუანჟოუში (ჩინეთი).
მიმდინარე კვირიდან საქართველოს პირველი ჩოგანი საფრანგეთის ღია პირველობაში ჩაებმება, რომლის კვალიფიკაციაშიც მე-14 ნომრადაა განთესილი. უკვე ცნობილია, რომ ბასილაშვილი 17 მაისს, პირველ რაუნდში, 23 წლის ფრანგ ტრისტან ლამასინეს გაეჯიბრება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 198-ე ადგილზეა.
თუკი ნიკოლოზმა მას სძლია, მე-2 რაუნდში ესპანელ დანიელ ხიმენო ტრავერსა და იტალიელ ლუკა ვანის შორის უმჯობესს გაეჯიბრება, მათ გარდა კი, ქართველი ჩოგბურთელის ბადის მხარეს რუსი ალექსანდერ კუდრიავცევი, ფრანგი აქსელ მიჩონი, უკრაინელი დენის მოლჩანოვი და ამერიკელი ჯარედ დონალდსონი (29-ე განთესვა) არიან.
“როლან გაროსის” ძირითად ბადეში გასასვლელად 3 მატჩის მოგებაა საჭირო.