ალმათის გრან პრის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის პირველ დღესთან შედარებით გაცილებით წარმატებული გამოდგა. 73 კილოგრამი წონითი კატეგოეიის პოდიუმზე ორი ქართველი ავიდა. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. ნუგზარ ტატალაშვილმა კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
შავდათუაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. საბერძნეთის ნაკრების წევრ გეორგიოს აზოიდისსა და ჩინელ შუაი სუნს იპონ-იპონ მოუმთავრა საქმე. უზბეკ გიოსჟონ ბობოევს ვაზარი-იუკოთი სძლია, ხოლო მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალს – უილეთო შეხვედრაში, ერთი გაფრთხილების უპირატესობით (1:2).
საჩემპიონო ბრძოლაში შავდათუაშვილმა ჩეხ იარომირ ჟეზეკს სამწუთნახევარში მოუმთავრა საქმე (VIDEO).
ყაზახური გრან პრი ქართული ფინალით დაგვირგვინდებოდა, ჟეზეკს ნახევარფინალში ტატალაშვილი რომ არ დაემარცხებინა. ამ შეხვედრამდე ნუგზარმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: უკრაინელი სერგეი დრებოტი, ესპანეთის ნაკრების წევრი კიოში უემაცუ და ყაზახი დიდარ ხამზა. ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ კი, რეპეშაჟის ფინალში ფრანგ პიერ დუპრას იუკოთი აჯობა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
დღესვე, მედლები მამაკაცთა შორის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. საქართველოს სახელით ტატამზე ლევან გუგავა და ლაშა ზურაბიანი გავიდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ორივემ დილის პროგრამაში დაკარგა..
გუგავამ აზერბაიჯანელი ჯეიჰუნ ბაბაკიშიევისა და უნგრელი ლასლო ჩოკნიაის ძლევის შემდეგ, მერვედფინალში ბრაზილიელ ლეანდრო გილეიროსთან წააგო. ზურაბიანი კი პირველსავე მეტოქესთან – ადრიან ნასიმენტო ლორენსოსთან წაგებით გამოეთიშა ტურნირს.
ხვალ საპრიზო სამეულები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. საქართველოს სახელით კი იჭიდავებენ: ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი (ორივე 90 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილი, რეზო წულუკიძე (ორივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ) გავლენ.