ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის სუპერტურნირის საწყის დღეს მარცხი განიცადა, მას შემდეგ კი, ტრავმის მიუხედავად (ნეკნი აქვს გატეხილი), მიჯრით მე-4 გამარჯვება იზეიმა.
ნაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველი სეკიტორი ამჯერად აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იოშიკაძეს გაეჯიბრა და ცუკიოტოშით იმარჯვა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის ოძეკი ტერუნოფუჯი იქნება და ცხადია, რომ ლევანს იოლი გასეირნება არ ელის. მონღოლ სუმოისტს ტოკიოში უკვე 3 ბრძოლა აქვს წაგებული, თუმცა, ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს ამარცხებს და მაინც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.
წარმატებული დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც 2 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკეკაძესთან იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ თავად ქართველი გოლიათი ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ხვალ კი ძალებს აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა დაიშომარუსთან მოსინჯავს, რომელსაც ერთადერთხელ გაჯიბრებია და ის შერკინება მოგებული აქვს.
მაისის სუპერტურნირის 5 დღის თავზე დაუმარცხებელი 3 მონაწილეღაა: იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკები – გოეიდო და კისენოსატო. რაც შეეხება იოკოძუნა კაკურიუს, მან პირველი წაგება სეკივაკე იკიოისგან იწვნია.
ნაცუ ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა (ნაკლული)
გაგამარუს ორთაბრძოლა 0:45-დან