პორტუგალიის ქალაქ მადეირაში დასრულდა პარამოცურავეთა ევროპის ჩემპიონატი. კონტინენტის საუკეთესო პარამოცურავეებს შორის, ქართველები ნიკა თვაური და ლიკა ჩაჩიბაიაც გამოდიოდნენ.
2012 წლის პარაოლიმპიადის მონაწილე და კომპანია BP-ის ელჩი ნიკა თვაური, რიოში გასამგზავრებელი ლიცენზიისთვის იბრძვის. მისი მიზანი მადეირაში სწორედ მომავალ პარაოლიმპიადაზე გასამგზავრებელი ქულების აღება იყო. ნიკამ 100 მეტრიანი დისტანცია ბრასით, წუთში, 28 წამსა და 90 მეასედში გაცურა, რაც მის ბოლო ოფიციალურ შედეგზე უკეთესი გამოდგა, თუმცა სალიცენზიოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველ პარამოცურავეს, რომელიც უსინათლოთა კლასიფიკაციაში გამოდის, ხელის მტევანიც ამპუტირებული აქვს, რაც მას კონკურენტებთან შედარებით ამოცანას ურთულებს. თვაურს, რიოში მოსახვედრად ახლა ერთადერთი შანსი, ორგანიზატორების მხრიდან, ე.წ. "ველური ბარათით" თავისუფალი მოწვევა რჩება.
ნიკასთან ერთად პორტუგალიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ლიკა ჩაჩიბაიამ მოსინჯა ძალა. ლიკასთვის ეს მაღალი რანგის ტურნირზე სადებიუტო გამოსვლა იყო და პირველი ცდისთვის მისი გამოსვლა დადებითად შეფასდა.
საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური