იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ორ ვეტერან ფეხბურთელს, ჯანლუიჯი ბუფონსა და ანდრეა ბარძალის ნდობას უცხადებს. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, დღეს (თბილისის დროით 16:00 საათზე) “ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ბუფონთან და ბარძალისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება დადასტურდება.
ორივე ზემოხსენებული მოთამაშე “იუვეში” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ჯიჯის ძველი კონტრაქტი გაისად ეწურებოდა, ხოლო ბარძალის მიმდინარე წლის 30 ივნისს.
შეგახსენებთ, ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წლიდან მოყოლებული თამაშობს და 2012 წლიდან გუნდის კაპიტანია. მის გარეშე “იუვეს” კარი ცოტა რთული წარმოსადგენია. რაც შეეხება ბარძალის, იგი ტურინში გერმანული “ვოლფსბურგიდან” 2011 წლის ზამთარში ჩავიდა და მას შემდგომ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.