პრემიერლიგის 35-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა “ბოლეინ გრაუნდზე” შედგა, სადაც “ვესტ ჰემმა” უკანასკნელად ითამაშა და “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება მოახერხა.
წინა ტურში “სუონსისთან” მოულოდნელი გამანადგურებელი მარცხის (1:4) შემდეგ “ჩაქუჩებმა” ძალიან კარგად ითამაშეს და 3 ქულა დამსახურებულად მოიპოვეს. სლავენ ბილიჩის შეგირდები მთელი შეხვედრის განმალობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და გატანილი გოლების გარდა, კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს.
მასპინძლებმა პირველი ნახევარი დიაფრა სახოს გოლით მოიგეს, რომელმაც მე-10 წუთზე შეძლო გატანა. ანგარიშის გაზრდა მალევე ენდრიუ კეროლს შეეძლო, რომელმაც დავიდ დე ხეას პირისპირ ვერ აჯობა.
ლონდონელები მეორე ტაიმშიც მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ 51-ე და 72-ე წუთზე ენტონი მარტიალმა საკუთარი შანსები გამოიყენა და “წითელი ეშმაკები” დააწინაურა, თუმცა “ვესტ ჰემი” არ გამტყდარა და შეხვედრის შემობრუნება მაინც შეძლო.
76-ე წუთზე დიმიტრი პაიეს მშვენიერ ჩაწოდებას ანტონიოს ზუსტი თავური მოჰყვა, ხოლო 5 წუთში ფრანგი ნახევარმცველის გადაცემით უინსტონ რიდმა ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა – 3:2.
“იუნაიტედმა” წინა ტურში “არსენალის” მიერ ბოძებული დიდებული საჩუქარი ვერ შეირგო და უდიდესი ალბათობით ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება. ა
ვესტ ჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:2 (1:0)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-4-2): რენდოლფი, რიდი, ოგბონა, კრესველი, ანტონიო, ნობლი, კუაიტე, ლანცინი (ობიანგი 84), პაიე (ე.ვალენსია 91), სახო (ტომკინსი 84), კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, ა.ვალენსია (იანუზაი 87), როხო, შნეიდერლენი (კერიკი 46), ერერა (ლინგარდი 83), რუნი, მარტიალი, მატა, რეშფორდი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 1:0 სახო (10), 1:1;1:2 მარტიალი (51;72), 2:2 ანტონიო (76), 3:2 რიდი (81)
გაფრთხილებები: კეროლი – მარტიალი, ვალენსია, ერერა
მსაჯი: მაიკლ დინი