ფეხბურთი

23:04 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: რევიშვილმა ისევ მოიგო, აბურჯანიას გუნდი პრიმერას უახლოვდება, კვირტიამ “ნეფთჩის” გაუტანა 

რუსულ პრემიერლიგაში “მორდოვიამ” სტუმრად 2:1 მოუგო კონკურენტ “ყუბანს” და ბოლოდან მესამე ადგილზეა. ნუკრი რევიშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. წლეულს პრემიერლიგაში პირველად ითამაშა “მორდოვიას” მეორე ქართველმა, მცველმა მამუკა კობახიძემ, თუმცა მცირე დრო დაუთმეს: 89-ე წუთზე შეიყვანეს.

“მორდოვია” ბოლო ტურებში იგებს და ფაქტობრივად, პირდაპირ გავარდნას გადაურჩა, თუმცა საფლეიოფო ზონაშია და შესაძლოა, გადათამაშება მოუწიოს.

სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა “რუბინი”-“კრასნოდარის” მატჩში (1:1). ყაზანელები მეათე ადგილზე არიან.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” სტუმრად 2:1 მოუგო “ალმერიას” და მეორე ადგილზეა. თუმცა მესამეზე მყოფ “ალავესს” თამაშით ნაკლები აქვს და ერთი ქულით ჩამორჩება გიორგის გუნდს. აბურჯანიამ 90 წუთი ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მან გაფრთხილებაც მიიღო.

აზერბაიჯანში გავიდა ქართული გოლი და კვლავ ნუგზარ კვირტიამ გაიტანა. აზალ-ის ქართველმა შემტევმა “ნეფთჩისთან” 1:3 წაგებულ შეხვედარში გამოიჩინა თავი. კვირტიას გარდა, აზალ-ში სანდრო გურულმაც ითამაშა. ქართველების გუნდი მეექვსე ადგილზეა.

მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მესამეზე გადასვლის შანსი აქვს ზაურ სვანაძის გაწვრთნილ “ინტერს”. მათ სტუმრად 4:0 სძლიეს აუტსაიდერ “რავანს”. ქართველებიდან გიორგი ლომაიამ, ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა კასრაძემ ითამაშეს. ზურაბ ხიზანიშვილსა და ლაშა სალუქვაძეს ტრავმა აწუხებთ.

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას “მიხალოვცემ” სტუმრად 0:3 წააგო ტრნავას ‘სპარტაკთან” და ბოლოსწინა ადგილზეა, ლიგიდან კი ერთი გუნდი ვარდება. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა.

კვიპროსზე ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისმა” შინ 1:1 ითამაშა “ნეა სალამისთან” და მეხუთე ადგილზე ამთავრებს სეზონს. მაისურაძემ 90 წუთი ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო. შეგახსენებთ, ირაკლის კონტრაქტი უმთავრდება “ანორთოსისთან” და შესაძლოა, კვიპროსის სხვა გუნდში გადავიდეს.

0.122888