საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა აზერბაიჯანული გრან პრის მეორე დღეც დილის პროგრამაშივე მოილიეს. დღეს მედლები მამაკაცთა შორის 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. ორივე წონაში ორ-ორმა ქართველმა მოირგო კიმონო.
ანზორ ხმიადაშვილმა და ფრიდონ გიგანმა (ორივე 73 კგ) მხოლოდ პირველი წრე დაძლიეს. ხმიადაშვილმა სლოვენიელ მარტინ ჰოჟაკს იუკოთი აჯობა, მაგრამ რუსეთის ნაკრების წევრ უალი კურჟევთან იპონით დამარცხდა. გიგანი კი აზერბაიჯანელ ისმაილ პირიევთან შესრულებული ეფექტური სუფთა გდების შემდეგ, უძლიერეს მეტოქეს – მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალს დაეჭიდა და უილეთო შეხვედრის მიწურულს მიღებული გაფრთხილების გამო დამარცხდა.
ირაკლი უზნაძის გუნდის წევრთაგან ყველაზე შედეგიანად ამბაკო ავალიანმა (81 კგ) იჭიდავა - ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდა. გზად ორი მეტოქე დაამარცხა. ბრიტანელი ოუენ ლივსი ერთი შიდოს უპირატესობით (1:2), ხოლო უზბეკი შახზოდბეკ საბიროვი – იპონით. ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა ავალიანს ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან წაგებით ჩაეკეტა, შემდეგ კი ბრინჯაოს ნახევარფინალშიც მოეცარა ხელი, პორტუგალიელ კარლოს ლუზთან. ორივე შემთხვევაში, შეხვედრის ბედი ერთადერთმა შიდომ გადაწყვიტა.
ამავე წონაში აზერბაიჯანულ კონკურენციაში კობა მჭედლიშვილიც ჩაება და მეთექვსმეტედფინალში ავსტრიელი მარსელ ოტი ჩამოიშორა. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ბულგარელ ივაილო ივანოვთან კი ვეღარას გახდა და საბოლოოდ შებოჭვით წააგო.
ბაქოს გრან-სლემი ხვალ დასრულდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი იჭიდავებენ: თორნიკე ჯუღელი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ).
ძიუდო
გრან სლემი
ბაქო
7 მაისი
მამაკაცები
73 კგ
1 მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)
2 გიოსჟონ ბობოიევი (უზბეკეთი)
3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
3 ინჯირიგალა საი (ჩინეთი)
81 კგ
1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
3 მატეო მარკონჩინი (იტალია)
3 ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)
7 ამბაკო ავალიანი (საქართველო)
ქალები
63 კგ
1 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)
2 მარიანა ჰასანბეგოვიჩი (ხორვატია)
3 მარის სპინოზა (კუბა)
3 ბუსრა კატიპოღლუ (თურქეთი)
70 კგ
1 მარია ბერნაბეუ (ესპანეთი)
2 მარია პორტელა (ბრაზილია)
3 მარია პერესი (პერუ)
3 ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)