ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების განაღდების შემდეგ, ფინალური შეხვედრები მეტოქეებს უბრძოლველად დაუთმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ქობლიაშვილმა ფინალის გზაზე ბრაზილიელ სანტიაგო ბრანდაოს (8:0), ლიტველ ლაიმუტის ადომაიტისსა (4:1) და ყაზახეთის ნაკრების წევრ დანიელ გაჯიევს (2:1) მოუგო. შემდეგ კი გერმანელ დენის კუდლას აღარ ეჭიდავა.
ქაჯაიამ შვედი მაგნუს ეურენი აუშვა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ბერძენ ქსენოფონ კუციუმპასსა და ტუნისელ რადუან ჩების ერთნაირი ანგარიშით – 8:0 აჯობა, ხოლო უნგრელ მიხალი დიკ-ბარდოშს - 9:0.
ამრიგად, ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდი ოლიმპიურ ხალიჩაზე 5 სპორტსმენით გავა. ქობლიაშვილისა და ქაჯაიას წარმატებამდე, სალიცენზიო ნორმატივები შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ) შეასრულეს.
ერთადერთი წონა, რომელშიც ოლიმპიური თამაშების სატურნირო ბადე ჩვენებურების გარეშე შეივსება, 59 კილოგრამია. ულიცენზიოდ საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი – ევროპის 2011 წლის ჩემპიონი და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი რევაზ ლაშხი დარჩა.