ბაქოს გრან სლემზე ძიუდოში დღეს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. საპრიზო სამეულები მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსო, ხოლო ქალებში - 48, 52 და 57 კილოგრამებში. კონკურენციაში ოთხი ქართველიც ჩაერთო, მაგრამ ოთხივე პოდიუმს მიღმა დარჩა.
ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (57 კგ) აზერბაიჯანულ ტატამზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ.
ჩხვიმიანი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან ოქროს დროში, ვაზარიზე დაეცა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მარგველაშვილმა აზამატ მუკანოვთან 18 წამში წააგო. სწორედ ეს დრო იკმარა ყაზახმა ხელის მტკივნეული ილეთის შესასრულებლად. ჯანაშვილი კი ბულგარელ იველინა ილიევასთან 58 წამში დამარცხდა შებოჭვით.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან საწყისი ეტაპის დაძლევა მხოლოდ გელა კელიხაშვილმა (66 კგ) შეძლო - ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვს იუკოთი გასცდა. მერვედფინალში კი 21 წლის ძიუდოისტმა თავისზე 10 წლით უფროს და ბევრად გამოცდილ მეტოქეს, ევროპის 2010 წლის ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრების წევრ სუგოი ურიარტეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მეორე წუთზე ნაკლებად სახიფათო სიტუაციაში შებოჭვაზე მოჰყვა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამებში გამოვლინდებიან, ქალებში - 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ფრიდონ გიგანი, ანზორ ხმიადაშვილი (ორივე 73 კგ), კობა მჭედლიშვილი და ამბაკო ავალიანი (ორივე 81 კგ).
ძიუდო
გრან სლემი
ბაქო
6 მაისი
მამაკაცები
60 კგ
1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი
2 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)
3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)
3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
66 კგ
1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
2 აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი)
3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)
ქალები
48 კგ
1 ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)
2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
3 ლაეტიტა პაიე (საფრანგეთი)
52 კგ
1 ჯილი კოენი (ისრაელი)
2 ოდეტ გიფრიდა (იტალია)
3 ინგნან მა (ჩინეთი)
3 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
57 კგ
1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)
2 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)
3 საბინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 ტონგჟუან ლუ (ჩინეთი)